მორიგი პოლიტიკური დევნა – პრობაციის სამსახური მუსიკოს მიხაილო თოდუას(Michailo) ციხეში დაბრუნებას ითხოვს.
როგორც თოდუა აცხადებს, მისი ციხეში დაბრუნების მიზეზი 17 ოქტომბერს „გირჩის“ პარტიულ ღონისძიებაში მონაწილეობაა, რომელიც პრობაციის სამსახურმა მას არასაპატიოდ ჩაუთვალა.
მუსიკოსის თქმით, პრობაციის სააგენტოს ქმედება პოლიტიკურია.
“ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს რაღაც პოლიტიკური სარჩული მოჰყვება. რეალურად ვერ ვხვდები, რა ვიფიქრო, სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, გარდა პოლიტიკური სარჩულისა, რომ “გირჩის” მიერ ორგანიზებულ საღამოში მივიღე მონაწილეობა. ვთხოვე ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ხნის განმავლობაში გვერდში მედგა, მხარს მიჭერდა და ჩემი ტკივილი სტკიოდა, მოვიდეს 2 საათზე, დღეს, სასამართლოსთან. თუ სასამართლო არასწორი განაჩენის გამოტანას აპირებს და ჩემი არ რცხვენია, იქნებ თქვენი მაინც შერცხვეს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
მჯერა, რომ სასამართლოში შემორჩნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც გარდა სწორი გადაწყვეტილებისა, სხვა მხრივ არ აზროვნებენ, მაგრამ არ ვიცი, თუ გამიმართლებს და მეყოლება ასეთი მოსამართლე”, – განაცხადა მიხეილ თოდუამ.
მიხაილოს ამბავს „გირჩიც“ ეხმაურება. როგორც პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, მუსიკოსის საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს, იმას თუ რამდენად “სადისტურია” სისტემა.
“ეს ადამიანი ტყუილად იჯდა ციხეში. არ არსებობს დედამიწაზე არც ერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ მიხაილომ მას რამე დაუშავა. მუსიკოსია ეს ადამიანი, ამ პანდემიის პირობებში მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო ის, რომ სადღაც უნდა დაეკრა. სახელმწიფო კი ამ ადამიანს ეუბნება, ყოველი დაკვრის შემდეგ მოდი და მიღება-ჩაბარება ჩამაბარეო.
ხომ ყველასთვის გასაგებია, რომ ეს ადამიანი არც მიმალვას ცდილობდა და არც ქვეყნიდან გაქცევას. ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად სადისტურია სისტემა”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, მუსიკოსი მიხეილ თოდუა, 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი „MDMA“-თვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან 6 წელი ციხეში გაატარა, რის შემდეგაც ელექტრონული მონიტორინგის საფუძველზე საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა. მას სასჯელის ვადის ამოწურვამდე, წელიწადი და 10 თვე აქვს დარჩენილი.

