პროკურორი ზაზა დათუკიშვილი დარწმუნებულია, რომ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საბოლოოდ გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოუტანს. ამის შესახებ ზაზა დათუკიშვილმა “ინტერპრესნიუსს” გორის რაიონულ სასამართლოში, ბრალდებულის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
გორის რაიონულ სასამართლოში, სადაც მერაბ კობიაშვილის ბრალდების საქმესთან მიმართებით ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობდა, საკმარისი რაოდენობის ნაფიცი მსაჯულის შერჩევა ვერ მოხერხდა, რის გამოც, მოსამართლემ ბრალდებულის 9-თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შესაბამისად, მისი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. პროკურორი კი განმარტავს, რომ საქმეში ცალსახად წარმოდგენილია ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საბოლოოდ დაარწმუნებს ნაფიც მსაჯულებს ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და გამამტყუნებელი ვერდიქტი დადგება.
“საქმეზე მტკიცებულებები ჯერ კიდევ გამოძიების პერიოდში შეგროვდა. ეს პერიოდი დასჭირდა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებს. მოგეხსენებათ, აქ საუბარი არ არის მტკიცებულებების მოპოვებაზე. გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, რომელიც სამწუხაროდ, თვეების განმავლობაში გაგრძელდა და ჯერ გვაქვს ის რეალობა, რომ შერჩეულია მხოლოდ 8 ნაფიცი მსაჯული, სულ კი 14 ნაფიცი მსაჯული უნდა იყო შერჩეული. ამ მოცემულობის მთავარი განმაპირობებელი გარემოება არის ის, რომ მსოფლიოში შექმნილი პანდემიური მდგომარეობდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება დიდი რაოდენობით ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების მობილიზება. იგივე, დღევანდელი სხდომა რომ ავიღოთ, დღესაც გამოცხადებული იყო ნაფიც მსაჯულობის მხოლოდ და მხოლოდ 4 კანდიდატი, უწყება კი 100 ადამიანს ეგზავნება. შესაბამისად, სამწუხაროდ, გვაქვს ის რეალობა, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება ნაფიც მსაჯულებთა დროული შერჩევა“, – განაცხადა პროკურორმა.

