დღეს, 6 ნოემბერს, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან გასროლის ხმა გაისმა. სროლის დროს ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობდა.
ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალაში ჩანს “ტოიოტა ქამრის” მარკის ტიპის თეთრი მანქანა, რომელიც ქუჩაში ხალხის მასას ცდება, საპროტესტო სიგანლის შემდეგ კი ისმის 6-ჯერ გასროლის ხმა. სროლის ხმის შემდეგ ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მანქანისკენ გაემართნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან სროლის ფაქტზე 37 წლის, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ა.რ. დააკავეს. უწყებამ მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას სდებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, თბილისში, სოლოლაკში, მარო მაყაშვილის აღმართზე, ბიზნესცენტრთან მდებარე საავტომობილო გვირაბში ავტომანქანით გადაადგილების დროს რამდენიმე გასროლა განახორციელა”, – წერია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცავებმა ა.რ. მომხდარიდან რამდენმე საათში დააკავეს, ნივთმტკიცებად კი, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტი და მასში მოთავსებული 2 აირის ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მთავარი

