აშშ-ის ვიზებთან დაკავშირებული თაღლითობისთვის ჯიმი მაქაცარია და სოფიო ჩაგანავა დააკავეს

აშშ-ის ვიზებთან დაკავშირებული თაღლითობისთვის ჯიმი მაქაცარია და სოფიო ჩაგანავა დააკავესსამართალდამცავებმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე, ჯიმი მაქაცარია და სოფიო ჩაგანავა, დააკავეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს ორი მოქალაქე – 1985 წელს დაბადებული ვ.მ. და 1985 წელს დაბადებული ს.ჩ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე მოატყუეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღებაში დაეხმარებოდნენ, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს 17.000 აშშ დოლარი, საიდანაც 8.500 აშშ დოლარი წინასწარ, ნაწილ-ნაწილ თავიანთ ანგარიშზე ჩაარიცხვინეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც დაზარალებული “კურიერთან” ამბობს, დაკავებულები მას ჰპირდებოდნენ, რომ ამერიკაში ნოე სულაბერიძის და გია ჯაჯანიძის დახმარებით გაუშვებდნენ:

“გამაცნო თავი, როგორც პროდიუსერმა ზურა მელაშვილმა. მითხრა, რომ ტარდებოდა კინოფესტივალი ამერიკაში, საქართველოდან კი  ჯგუფი მიდიოდა, რომელსაც ჰქონდა გამოსვლა 6 აგვისტოს. მეც ამ ჯგუფით წამიყვანდნენ. უნდა შევსულიყავით საელჩოში 29-ში, მანამდე გამომიტანეს ვიზა და გამიკვირდა, შესვლის გარეშე ვიზა როგორ გამომიტანეს-თქო. დავეჭვდი და როცა ჩემი ეჭვების შესახებ ვუთხარი, თვითონაც შეშფოთდნენ. ამის მერე გავიდა 6 თვე, მიცემული მქონდა თანხის ნაწილი და მერე იძახდა, ჯაჯანიძის შოუ მიდის და იმას გაგაყოლებ 23 სექტემბერსო, ჩაწერა აქვს ამერიკაშიო, ნოე სულაბერიძესაცო. მაგათ იციან ყველაფერი შენზეო და წაგიყვანენო. ეს ადამიანი იყენებდა ალბათ მათ სახელებს”.

ჯიმი მაქაცარიასა და სოფიო ჩაგანავას მოსამართლემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ჯიმი მაქაცარიას ადვოკატი ამბობს, რომ ბრალს არ ეთანხმება, თუმცა ადასტურებს, რომ მისი კლიენტი სავიზო მომსახურებას ნამდვილად ეწეოდა.

სოფიო ჩაგანავა ბრალს არ აღიარებს.