ბადრი ესებუასთან ერთად პოლიცია შალვა გულუასაც ეძებს, რომლის მანქანა ყულიშკარში იპოვეს

ბადრი ესებუასთან ერთად პოლიცია შალვა გულუასაც ეძებს, რომლის მანქანა ყულიშკარში იპოვესბადრი ესებუასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცია ახლა უკვე შალვა გულუასაც ეძებს.

გულუა იმ მანქანის მფლობელია, რომელსაც 21 დეკემბერს სოფელ ყულიშკარში დასახლებიდან მოშორებით ესროლეს. შალვა გულუას ოჯახი არ უარყოფს, რომ მათი შვილი და ესებუა ერთმანეთს იცნობდნენ, თუმცა ახლო კონტაქტსა და რაიმე კავშირს მათ შორის უარყოფენ.

შალვა გულუა დისტრიბუტორია და, შესაბამისად, მას ღამით გადაადგილების საშვი აქვს. გავრცელებული ინფორმაციით კი სწორედ გულუას მფლობელობაში არსებული მანქანით გადაადგილდებოდა ბადრი ესებუა.

კიდევ ერთი ვერსიით, გულუას ესებუასთან საკვები მიჰქონდა, ოჯახი კი ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა კაცი სანადიროდ იყო წასული. თუმცა მისი მონადირე ძაღლი სახლშია. სახლშია ასევე შალვა გულუას მობილური ტელეფონი.

შალვა გულუას ოჯახთან ნაცნობობას ადასტურებს ბადრი ესებუას ბიძაც.

23 დეკემბერს შსს-მ შალვა გულუას გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა შალვა გულუას დედის განცხადების საფუძველზე დაიწყეს.

განცხადებაში ავტორი აღნიშნავს, რომ მისი შვილი 20 დეკემბერს სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სოფელ ყულიშკართან აღმოჩენილი წითელი ფერის მსუბუქ ავტომობილის, ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში გაირკვა, რომ აღნიშნული ავტომობილი აღრიცხულია სხვა პირზე, რომელმაც რეგისტრაციის გარეშე მიჰყიდა და ავტომობილით სარგებლობდა შალვა გულუა.

შალვა გულუას ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები.