დვალი და აქიმიძე წულუკიანის წინააღმდეგ – “რუსთავი 2 მის კანონიერ მესაკუთრეებს არ დაბრუნებია”

დვალი და აქიმიძე წულუკიანის წინააღმდეგ - "რუსთავი 2 მის კანონიერ მესაკუთრეებს არ დაბრუნებია"“რუსთავი 2“ დაუბრუნდა არა მის დამფუძნებლებსა და კანონიერ მესაკუთრეებს, არამედ ქიბარ ხალვაშს, რომელიც იყო 2004 წელს ტელეკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების უშუალო მონაწილე და იმდროინდელი ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელი.

ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა, ასევე იურისტმა კახა კოჟორიძემ ერთობლივი განცხადება გააავრცელეს.

„ყურადღებით გავეცანით იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ შემაშფოთებელ გაცხადებებს „რუსთავი 2“-ის ღამის კურიერის ეთერში, სადაც მან აღნიშნა, რომ ,,ქართულ ოცნებას“ და მის იუსტიციის სამინისტროს კი „არ ეძინა“, არამედ ბევრი იშრომეს, რომ „რუსთავი 2“ ,,მის მესაკუთრეს“ დაბრუნებოდა.

გვსურს რამდენიმე გარემოებას გავუსვათ ხაზი: 1. ,,რუსთავი 2“ დაუბრუნდა არა მის დამფუძნებლებსა და კანონიერ მესაკუთრეებს, არამედ ბატონ ქიბარ ხალვაშს, რომელიც, მისივე აღიარებით, იყო 2004 წელს ტელეკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების უშუალო მონაწილე და იმდროინდელი ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელი. შესაბამისად, ხალვაშისთვის „რუსთავი 2“-ის გადაცემა სამართლიანობის აღდგენა კი არ არის, არამედ არის გაუკუღმართებული შეხედულება სამართლიანობაზე.

2. 2019 წელს ჩვენ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში და მოვითხოვეთ „რუსთავი 2“-ის 60% წილის დაბრუნება. ჩვენს სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღემდე არცერთი პროცესი არ ჩატარებულა და არც ის არის ცნობილი, თუ როდის იქნება პირველი სხდომა”.

დვალმა და აქიმიძემ 2012 წელს საქართველოს პროკურატურაში შეიტანეს განცხადება 2004 წელს მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიების მოთხოვნით.

“პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები დაზარალებულებადაც გვცნეს, მაგრამ შემდეგ საქმე ,,დააძინეს“ და პროკურატურის ბნელ და მტვრიან თაროზე შემოდეს. რატომ მოიქცა პროკურატურა ასე? პასუხი მარტივია: სისხლის სამართლის წესით დამნაშავეების დადგენა გაამარტივებდა იმას, რომ „რუსთავი 2“ მის კანონიერ მესაკუთრეებს დაბრუნებოდა, რაც არ შედიოდა ,,ქართული ოცნების“ ინტერესებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

დვალის და აქიმიძის თქმით, სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წართმეული „რუსთავი 2“ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს.

თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ასეთი რამ თქვა:

“თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ, „რუსთავი 2″ ეკუთვნოდა ხალხს, ეკუთვნოდა მის მესაკუთრეს და ამაში იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა დევს და მე თქვენგან მაქვს მოლოდინი იმისა, რომ იდგებით სიმართლის და სამართლიანობის სადარაჯოზე“.

იპნ