გარეგინ II – “ფაშინიანი უნდა გადადგეს”

გარეგინ II - "ფაშინიანი უნდა გადადგეს"სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარმა გარეგინ II-მ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„ყარაბაღის ომის შემდეგ ჩვენ განვიცდით ტკივილის, დარდისა და შფოთვის მძიმე დღეებს. მრავალმა მსხვერპლმა, ისტორიული ყარაბაღის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვამ, ომის კატასტროფულმა შედეგებმა და კიდევ უფრო დიდმა საგარეო საფრთხემ მოიცვა ჩვენი სულები და დაარღვია სამშობლოსა და დიასპორის სოლიდარობა, ეროვნული ერთიანობა. შექმნილმა რთულმა მდგომარეობამ და ღრმა შიდაპოლიტკურმა კრიზისმა ჩვენი ქვეყანა ახალი საფრთხეების წინაშე დააყენა.

ეს ვითარება უნდა განიმუხტოს მხოლოდ კონსტიტუციური გზით, ეროვნული სოლიდარობისა და საღი აზრის პირობებში. საგანგაშო მოვლენებამდე ჩვენ ასევე შევხვდით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს. საზოგადოებაში მზარდი დაძაბულობის, გარე და შიდა გამოწვევების, ასევე პრემიერ-მინისტრისადმი დაბალი საზოგადოებრივი ნდობის გათვალისწინებით, ჩვენ მამა-შვილურად მოვუწოდეთ მას, უარი თქვას უფლებამოსილებაზე შესაძლო შეტაკებებისა და ტრაგიკული მოვლენების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა გარეგინ II-მ, რომელმაც დღეს სპეციალური მიმართვა გაავრცელა.

სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარი ასევე მოუწოდებს სომხეთის პარლამენტს, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმებით აირჩიოს ახალი პრემიერ-მინისტრი და ჩამოაყალიბოს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა.

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ქვეყნის პარლამენტს, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში, იმოქმედოს პასუხისმგებლობით, მოუსმინოს ფართო საზოგადოების მოთხოვნებს და აირჩიოს ახალი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ ძალებთან კოორდინაციით და შექმნას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა“,- განაცხადა გარეგინ II-მ.

იპნ