“გიორგი მერაბიშვილმა ხელები ასწია და ტანზე გაიხადა, ხელყუმბარა არ ჰქონია” – ადვოკატი აბესაძე

"გიორგი მერაბიშვილმა ხელები ასწია და ტანზე გაიხადა, ხელყუმბარა არ ჰქონია" - ადვოკატი აბესაძეგლდანის რაიონში დაკავებული გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი თამარ აბესაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელში არც ხელყუმბარა ეკავა და პოლიციასაც ჩხრეკის დროს არაფერი ამოუღია.

თამარ აბესაძის განცხადებით, ჯერჯერობით მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარდგენილი არ აქვს, რადგან ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

„ მე თავად დამირეკა გიორგი მერაბიშვილმა “მესინჯერის” თვალის საშუალებით და მითხრა, რომ მასთან მიდიოდა პოლიცია. მე გახსნილი ხელყუმბარა მიკავია ხელში და თუ არ მოხვალ, მე მათ არ ჩავბარდები, თუ მოხვალ უსაფრთხოდ ვიქნებიო. მას ჰქონდა ეჭვი და შიში – შეიძლება ჩემი ლიკვიდაცია მოახდინონო. პოლიციასაც გაუგზავნა როგორც ვიცი ვიდეოები თუ ლაივში ესაუბრა, არ ვიცი. ამის შემდეგ პოლიცია დამიკავშირდა და მითხრა, რომ უნდა დავხმარებოდი. მათ რომ არ ეთქვათ მე მაინც უნდა წავსულიყავი, საფრთხის შემცველი იყო, რას იზამდა, არ ვიცოდით -ინფორმაცია გაჟღერდა, რომ გახსნილ მდგომარეობაში ეკავა ხელყუმბარა და სანამ არ მივიდოდით ჩვენ არ ვიცოდით რეალურად რა ხდებოდა.

ამიტომ წავედი, გზაზე შემხვდა პოლიცია და მოვილაპარაკეთ, რომ არ უნდა ყოფილიყო გაღიზიანება. პირი ითხოვდა ჩემს მისვლას და ამ შემთხვევაში ამბობდა, რომ ჩაბარდებოდა. იმის ფიქრიც ჰქონდა, რომ რაიმე არ ჩაედოთ, ან ქმედების დამძიმება არ მომხდარიყო.

პირველი მე შევედი, ხელები ასწია, ტანზე გაიხადა და მერე უკვე პოლიციაც შემომყვა – 50 მეტრის დაშორება იყო. ამ დროს მე ვიდექი უკვე მის გვერდით და მას საფრთხე არ ემუქრებოდა – არსებობენ პირები, რომლებიც პოლიციას მტრად აღიქვამენ, ასეთი ფიქრები ჰქონდა და ამიტომ ითხოვდა ჩემს მისვლას . არაფერი არ ჰქონდა ხელში აბსოლუტურად. არც არაფერია ჩხრეკის შედეგად ამოღებული. ძალიან სულელი იქნებოდა, რაიმე ჰქონოდა ხელში“, – აცხადებს თამარ აბესაძე.

მისივე თქმით, როცა ის სახლში შევიდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მარტო იმყოფებოდა.

„საქმე არის დაწყებული მეუღლესთან კონფლიქტზე. ცოლ-ქმარი ცხოვრობენ თემქაზე, კონფლიქტი რომ მოუვიდათ, ეს ბიჭი გაერიდა და წავიდა ბიძამისთან გლდანში. ეს ბიჭი იყო გლდანში და როგორც ვიცი, მეუღლემ დაუწერა საჩივარი“ , – განაცხადა აბესაძემ.