თბილისის საქალაქო სასამართლომ გლდანის რაიონში დაკავებულ გიორგი მერაბიშვილს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თანნაქონი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გიორგი მერაბიშვილის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ განაცხადა, განვითარებული მოვლენების ფონზე დიდი ალბათობა იყო, იმისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებდნენ, რაზეც მერაბიშვილთან წინასწარაც ჰქონდა საუბარი.
,,სასამართლომ შეუფარდა პატიმრობა. არ მქონია რაიმე ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება იქნებოდა, ან არაფერს არ შეუფარდებდნენ. განვითარებული მოვლენების ფონზე დიდი ალბათობა იყო, იმისა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებდნენ. ამაზე გვქონდა საუბარი მე და გიორგი მერაბიშვილს და ველოდით ამას. ჩვენ კანონის გათვალისწინებული გზებით ვიდავებთ და შევეცდებით, რომ დავამტკიცოთ ჩვენი უდანაშაულობა. ძალიან ბევრჯერ გაიჟღერა იმ ინფორმაციამ, რომ მას ხელყუმბარა ეკავა ხელში. ამ ადამიანს ხელში ხელყუმბარა არ ეკავა, მცდარია ეს ინფორმაცია“, – განაცხადა თამარ აბესაძემ.
უფლებადამცველის თქმით, გიორგი მერაბიშვილს ბრალი მუქარასთან ერთად, ცივი იარაღის ტარებაზეც აქვს წარდგენილი.
„როდესაც დააკავეს გიორგი მერაბიშვილი, ის იყო ბიძამისის საცხოვრებელ სახლში, სახლში ცივი იარაღი რომ გქონდეს ჯიბეზე, ეს არ ისჯება. ვფიქრობ, ეს ბრალი თავიდან ბოლომდე არის აბსურდული. ცივი იარაღის ტარება ბრალად არ უნდა წარედგინათ, მაგრამ სასამართლო ალბათ მოხსნის შემდგომში. მუქარაზეც აქვს წაყენებული ბრალი, სასამართლოში დაიკითხებიან მოწმეები და იტყვიან იყო თუ არა იმის აღქმის საფუძველი, რომ მუქარა განხორციელდებოდა რეალურად“, – აღნიშნა თამარ აბესაძემ.
იპნ

