გიორგი ნემსაძე თბილისის დინამოს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

გიორგი ნემსაძე თბილისის დინამოს მთავარ მწვრთნელად დაინიშნათბილისის დინამოს მთავარ მწვრთნელად გიორგი ნემსაძე დაინიშნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დინამოელთა თავკაცი ჩისკო უოტფორდის მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.

გიორგი ნემსაძე: – ჩვენი მიზანი არ იცვლება – ესაა ჩემპიონობა და თასის მოპოვება! ჩემი პრიორიტეტი იქნება საკლუბო აკადემიიდან ფეხბურთელების დაწინაურება. დღეს ბევრი ფეხბურთელი, რომელიც “დინამოს” აღზრდილია, თამაშობს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში, ასევე ევროპულ კლუბებში…
ვიცი, რომ წინ დიდი სამუშაო მაქვს, დიდი მოთხოვნებია კლუბში და მე მზად ვარ ამ გამოწვევისთვის, ახალი ისტორიის დაწერისთვის. ჩვენ უნდა გვქონდეს შედეგი, უნდა გვქონდეს თამაშის ხარისხი და თან ახალგაზრდებიც უნდა დავაწინაუროთ…
რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს ჩემპიონატში დაბალი ტემპია. ჩემი აზრით, ეს კომპლექსური პრობლემაა და სხვა კლუბებმაც უნდა აუწყონ ფეხი უფრო მაღალ ტემპში თამაშს…
რაც შეეხება ტრანსფერებს, ახლა ამ თემაზე დაზუსტებით ვერ ვილაპარაკებ. ახლა მოვედი გუნდში და დრო მჭირდება. ძირითადი ბირთვი იგივე იქნება. გავძლიერდებით იმ რგოლებში, სადაც ეს საჭირო იქნება.
* * *
ნემსაძესა და “დინამოს” შორის ხელშეკრულება 1+1 სისტემით გაფორმდა. ახალი სეზონისთვის მზადებას გუნდი 4 იანვარს დაიწყებს. წინასასეზონო შეკრება მოეწყობა თურქეთში ან ესპანეთში.