“ირაკლი აგლაძე ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, ცოლიც მოიყვანა, შვილიც ჰყავს…”

"ირაკლი აგლაძე ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, ცოლიც მოიყვანა, შვილიც ჰყავს..."პოლიციამ 2011 წელს ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობისთვის ირაკლი აგლაძე დააკავა.

თამილა კოჭლამაზაშვილი, ზურაბ ტარყაშვილის დედა:
– ირაკლი აგლაძის დაკავების ამბავი ჟურნალისტებისგან შევიტყვე. ის იყო ამ მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, მთავარი როლი ეკავა. ჩემი ჭიშკრიდან მისდევდა სროლით ზურას და მან ესროლა ჩემს შვილს. ეს ყველამ იცის, მისი ამოცნობა არ გასჭირვებია არავის, მისი სპეციფიკური აღნაგობიდან გამომდინარე.

თავიდან ჩვენ ოჯახს ასეთი ინფორმაცია გვქონდა, რომ  “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ირაკლი აგლაძე დაიჭირეს, მაგრამ მეორე დღესვე გაუშვეს ის ქვეყნიდან. ტყუილია, რომ მას მფარველები არ ჰყავდა, მაშინ ასე არ გაყალბდებოდა ეს საქმე, მას მფარველები რომ არ ჰყოლოდა, ამდენი წელი დააკავებდნენ და ასე თავისუფლად არ იქნებოდა.

როცა მთავრობა შეიცვალა და “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, ჩემს მეუღლეს და ჩვენს ოჯახს იმედი გაგვიჩნდა, რომ დაისჯებოდა ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი. სამართალი რომ გვეპოვა, ჩემი მეუღლე დადგა “ქართული ოცნების” მხარეს, მაგრამ მას მერე სადაც მივიდოდით, ვერსად ვერაფერს მივაღწიეთ. ამ ხელისუფლებაში უფრი მეტი მფარველები აღმოაჩნდათ დამნაშავეებს.

ჩვენ ისიც ვიცოდით, რომ ამ წლების განმავლობაში, ირაკლი აგლაძე პერიოდულად შემოდიოდა საქართველოში და მერე ისევ გადიოდა, ვაწვდიდით ამ ინფორმაციას სამართალდამცავებს, მაგრამ მას არავინ აკავებდა. ისიც გავიგეთ, რომ ცოლიც მოიყვანა, შვილიც ჰყავს. ინფორმაცია არაერთხელ მივაწოდეთ შს სამინისტროს, მაგრამ ცალსახაა, ის ამ დრომდე არავის დაუკავებია და ახლა როგორ დააკავეს, ჩემთვის უცნობია.

ოფიციალურად ვინ მფარველობდა შს სამინისტროში მკვლელობაში ბრალდებულ აგლაძეს, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, მას მფარველები ჰყავდა. როგორც ვიცი, მამამისი იურისტია და, სავარაუდოდ,  შვილის დაცვას თავისი კავშირებით ახერხებდა.

კვირის პალიტრა