თელავში რუსთაველი მამაკაცი მოკლეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით 38 წლის ზურაბ ბენაშვილი, სოფელ ფშაველში მყოფ მეუღლესთან მის სანახავად ჩავიდა. სოფლის გზაზე, ბენაშვილსა და მისი ცოლისძმას, თომა ბაბისაშვილს, შორის კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა. ცოლის ძმამ, სიძის მიმართ სანადირო თოფიდან 1 გასროლა მოახდინა რის შემდეგაც ბენაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებულის მამა თამაზ ბაბისაშვილი დეტალებს “კურიერთან” იხსენებს და ყვება, რომ ყოფილ სიძეს არ იცნობდა, მასთან ურთიერთობა არ ჰქონდა, თუმცა ქალიშვილისგან იცოდა, რომ მეუღლესთან შერიგება აღარ სურდა.
ქალი ძმასთან ცხოვრობდა, სადაც ყოფილი მეუღლე ეტაპობრივად აკითხავდა. დაკავებული თომა ბაბისაშვილის მამა არ გამორიცხავს, რომ სისხლიანი დაპირისპირებაც ამ მიზეზით მოხდა.
_ მიმალავდა ყველაფერს ჩემი შვილი, არ უნდოდა რამე შარში გავეხვიე და თვითონ დააბოლოვა ყველაფერი. რუსთავიდან ჩამოსულა, ალბათ თავის ცოლის წაყვანა უნდოდა და ამან არ შეუშვა ეზოში. დაპირისპირება იქნებოდა, ერთხელ უსვრია, მე არ ვიყავი აქ, ეზოს კარებში მოხდა ყველაფერი. სხვისი იარაღი იყო, ნათხოვარი ჰქონდა. რისთვის ჩამოვიდა საერთოდ, დაღუპა ჩემი შვილი, – უთხრა “კურიერს” მკვლელობაში ბრალდებულის მამამ.
ინფო რუსთავის ფოტო

