ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – არის მსხვერპლი

ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლიხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ქალაქ პეტრინიაში, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებიდან 60 კილომეტრში მდებარეობს, რამდენიმე შენობა დაინგრა და დაზიანდა.

გამოცემა ალ-ჯაზირას კორესპონდენტის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან მამა-შვილი გამოიყვანეს.

ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრა მეზობელ სერბეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში და ავსტრიაში მდებარე ქალაქ გრაცშიც იგრძნობოდა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ხორვატიის მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

“მე კვლავ ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩს. ჩვენ მზად ვართ მხარდაჭერისთვის. მე ვთხოვე ჯანეზ ლენარჩიჩს, მზად იყოს ხორვატიაში გასამგზავრებლად, როგორც კი ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს. ჩვენ ხორვატიის გვერდით ვდგავართ”, – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა ტვიტერში.

იპნ