თელავის პოლიციის უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილს ზურაბ საჩიშვილის მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინეს – მას პატიმრობა შეეფარდა

თელავის პოლიციის უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილს ზურაბ საჩიშვილის მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინეს - მას პატიმრობა შეეფარდათელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის, მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

როგორც მისმა უფლებადამცველმა განაცხადა, დაკავებულს 108-ე განზრახ მკვლელობის და 117-ე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით წარედგინა ბრალი.

არჩილ ბერიანიძის თქმით, მტკიცებულებების ერთ ნაწილს უკვე გაეცნო. თუმცა, საქმის დამატებით მასალებს პროკურატურაში წარუდგენენ, რადგან გამოძიების ფარგლებში, საქმის დამატებითი გარემოებები გამოიკვეთა. ის საქმის სხვა დეტალებზე არ საუბრობს. ცნობილია, რომ თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილი წარდგენილი ბრალდების შესახებ დუმილის უფლებას იყენებს.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ვანო ზანდარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მარინა ცერცვაძემ გამოაცხადა, რითაც დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს.