იყალთოში თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი, ქუჩაში 6 გასროლით მოკლა.
სავარაუდოდ, დაპირისპირების მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა, რომელიც მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა. დაპირისპირებაში მონაწილე პირები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.
“სიმთვრალის ბრალი იყო… კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. სუფრაზე რაღაც მოხდაო და ამოიღო იარაღი, მოკლა. ჩემი შვილის მეგობარი იყო, ზურა საჩიშვილის მაღალი სიტყვა არ გამიგია. ჩამოყალიბებული პიროვნება იყო. სულ იმას ვფიქრობ, ისეთი სიტყვა როგორ თქვა, რომელიც ვიღაცას ეწყინა… რომ იტყვიან, მწერისთვის ფეხი არ დაუდგამსო, ეგეთი რამე შემიძლია ვთქვა მასზე”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი და მოკლულის ახლობელი.
ზურაბ საჩიშვილი და ვანო ზანდარაშვილი ერთმანეთს დავით ლაჩაშვილის დაბადების დღეზე შეხვდნენ.
“ორივე ჩემს დაბადების დღეზე იყო. სულ ხუთი ადამიანი ვიყავით სუფრაზე. იქ არანაირი შელაპარაკება არ მომხდარა, არც გაცილების მომენტში. ოთხივე ვანოს მანქანით წავიდნენ სახლში. გზაში რა მოხდა, არ ვიცი” – უთხრა “ამბებს” დავით ლაჩაშვილი.
“ჩემ გვერდით იჯდა ზურა სუფრაზე, არანაირი დაპირისპირება იქ არ მომხდარა. მერე რა მოხდა, არ ვიცი. ასევე დაჭრილია ლევან ბერძენიშვილი, ზურა კი, სამწუხაროდ აღარ არის,” – უთხრა დავით ლაჩაშვილმა რუსთავი 2-ს..
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ სროლის ხმა არ გაუგიათ.
“მკვლელობა მოხდა… პოლიციის უფროსის მოადგილემ მოკლაო საჩიშვილი ზურა, კარგი ადამიანი…”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
თელავის მცხოვრებლებმა „რეგინფოს“ მოაწოდეს ინფორმაცია, რომ ვანო ზანდარაშვილი ქუჩაში არაერთხელ უნახავთ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამსახურებრივი იარაღით.
ვანო ზანდარაშვილი 37 წლისაა. ჰყავს მეუღლე, ასევე 37 წლის სოფიო ლაჩაშვილი. ჯერჯერობით უცნობია, სოფიო ლაჩაშვილი და დავით ლაჩაშვილი ნათესავები არიან თუ მხოლოდ მოგვარეები.
თავად დავით ლაჩაშვილი თელავის მერიის ყოფილი თანამშრომელია.

