27 წლის კაცი ქუჩაში უგონო მდგომარეობაში სისხლის გუბეში ნახეს

27 წლის კაცი ქუჩაში უგონო მდგომარეობაში სისხლის გუბეში ნახესგარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 22 და 27 წლის მამაკაცებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაჭრილი მამაკაცი ბრალდებულთან სტუმრად იმყოფებოდა, როდესაც 27 წლის კაცმა მასპინძელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

“დაჭრილი სტუმრად იყო ამ ბიჭთან, შეიძლება ნასვამიც მივიდა. მერე რაღაცა მოხდა. თავის სახლში სტუმარმა დედა შეაგინა. მერე გარეთ გამოსულან და გარეთ მოხდა დაჭრა”,- განუცხადა “ინფო რუსთავს” ადგილობრივმა.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება და ამ დროისთვის ის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

“შემოყვანის დროს იყო უგონო მდგომარეობაში. ჩივილებს ვერ გადმოგვცემდა. ანამნეზის შეკრება მოხდა სასწრაფო ექიმის მიერ. მისი გადმოცემით, პაციენტი ნახეს ქუჩაში უგონო მდგომარეობაში სისხლის გუბეში. გასინჯვისას პაციენტს აღენიშნებოდა ნაკვეთის ჭრილობები ბარძაყის წინა ზედაპირზე და გულმკერდის მარცხენა ნახევარში. პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე შეფასდა მძიმედ, იყო შოკის კლინიკა. მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. მკურნალობაში ჩართულები იყვნენ ანგიოლოგები და ქირურგები. გაუწიეს პირველადი დახმარება. ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ახლა ის მკურნალობას განაგრძობს რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა არის მძიმე”,- განუცხადა “ინფო რუსთავს” კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა ხათუნა რევაზიშვილმა.

მომხდარზე 22 წლის მამაკაცი დააკავეს.