ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით აშშ-ის 50-ვე შტატში შესაძლოა შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს – ამ ინფორმაციას გამოძიების ფედერალური ბიურო ავრცელებს.
გფბ-ს თქმით, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეცდებიან, არეულობა მოაწყონ, რის გამო 20 იანვარს პრეზიდენტის ინაუგურაციის დაწყებამდე ვაშინგტონში ქუჩების უმეტესობა დაიკეტება.
ტრამპის მომხრეთა შეიარაღებული მარშის მოწყობა 50-ვე შტატში იგეგმება. ვაშინგტონის ცენტრალური ნაწილი უკვე ბლოკირებულია. დედაქალაქში მართლწესრიგს ეროვნული გვარდიის ათასობით ჯარისკაცი დაიცავს. კაპიტოლიუმამდე მისასვლელი ზოგიერთი ქუჩა რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გადაკეტილია. ეროვნული სავაჭრო ცენტრი, რომელიც, როგორც წესი, ხალხით არის ხოლმე სავსე, პრეზიდენტის დაცვაზე პასუხისმგებელი სპეცსამსახურების თხოვნით დაიკეტა.
ბაიდენის გუნდმა ამერიკელებს მოუწოდა, თავი აარიდონ დედაქალაქში ინაუგურაციის გამო წასვლას.
ყველა შტატის დედაქალაქებში სამთავრობო შენობების დასაცავად განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ დააკავეს პირი, რომელსაც ინაუგურაციაზე დასასწრები ყალბი აკრედიტაცია, იარაღი და 500 ვაზნა აღმოაჩნდა.
აღნიშნული პირი ინაუგურაციაზე თავდასხმის მოწყობას გეგმავდა.
იპნ