ბუკნარში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს – რა მოხდა ქრისტიანებს და მუსლიმებს შორის

ბუკნარში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - რა მოხდა ქრისტიანებს და მუსლიმებს შორისგურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე შსს-მ ძალადობის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რელიზშია ნათქვამი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.ს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს. მას ბრალი ძალადობაში ედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა გ.ს.-მ მიმდინარე წლის 12 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს – 2003 დაბადებულ ნ.ი.-სა და 2003 წელს დაბადებულ მ.ი.-ს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მედიკოსებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და 6 თვიდან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, – აღნიშნულია პრესრელიზში.
შეგახსენებთ, ხელჩართული ჩხუბი და ქვების სროლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მოხდა. ჩხუბის მიზეზი ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში ლოცვაზე მუსლიმების შეკრება იყო.

დაპირისპირების შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც ამ დრომდე ჩოხატაურის კლინიკაში იმყოფებიან. დაშავებულები ძირითადად არასრულწლოვნები არიან.

კონფლიქტი კი ადგილობრივ მუსლიმურ და ქრისტიან მოსახლეობას შორის უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. მუსლიმი თემი სალოცავს ითხოვს, რასაც დანარჩენები ეწინააღმდეგებიან.

მთავარი