დღეს, 27 იანვარს, ახალქალაქში ხიდიდან შუახნის ქალი გადახტა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა დაახლოებით 10:00 საათზე, ყოფილ სამხედრო დასახლებასთან მოხდა.
გარდაცვლილი ქალი “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ენზელ მკოიანის, რძალია – მისი ძმის, მარტუნ მკოიანის, მეუღლე. ქალი ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა.
ენზელ მკოიანი იმ გარემოებებზე საუბრობს, რომლებმაც, მისი მტკიცებით, მისი ძმის ცოლი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
„ეს მკვლელობაა, აქამდე მიიყვანეს, 17 წლის შვილი დაუჭირეს, არ აძლევდნენ მასთან დალაპარაკების უფლებას, ჩემთან მოვიდა ტირილით და მთხოვდა დამეხმარეო, შემდეგ ქმარი აუფეთქეს. შეამოწმეს ყველა კომპანია, დააჯარიმეს, ბოლოს ჰესიც გააჩერეს, ამ ჰესის გახსნას შევარდნაძეც კი ესწრებოდა. ეტყობა ვერ გაუძლო, მშვიდი, კარგი ქალი იყო, უბრალო მასწავლებელი, ვერ გადაიტანა“, – აცხადებს “სამხრეთის კარიბჭესთან“ ენზელ მკოიანი.
ენზელ მკოიანის ძმისშვილი ახალქალაქში 26 მარტს, მკოიანებსა და პეტროსიანებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დააკავეს. ამავე წლის 21 აგვისტოს კი გარდაცვლილის მეუღლის, მარტუნ მკოიანის მანქანასთან აფეთქება მოხდა, მაშინ ენზელ მკოიანი აცხადებდა, რომ მისი ძმის მოკვლას ცდილობდნენ.
მარტუნ მკოიანის კუთვნილებაში არსებულ ჰესს მუშაობის უფლება რამდენიმე დღის წინ შეუჩერეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განმარტებით, კომპანია მდინარის წყალს უნებართვოთ მოიხმარდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

