იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობისთვის დუისში ხიზრი გაურგაშვილი დააკავეს

იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობისთვის დუისში ხიზრი გაურგაშვილი დააკავესპანკისის ხეობის სოფელ დუისში პოლიციამ იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხიზრი გაურგაშვილი დააკავა.

დუისის რწმუნებულის თქმით, 45 წლის მამაკაცს წინააღმდეგობა არ გაუწევია და სამართალდამცავებს მშვიდობიანად ჩაბარდა.

“როგორც მე მითხრა ნათესავმა, დაკავებული იქნა ძიბახევი-ხადურის დამაკავშირებელ გზაზე, ტყის პირას. მთავარია, რომ დაკავება მოხდა მშვიდობიანად… გაგებით მოეკიდა ორივე გვარი “, – ამბობს თამარ მარგოშვილი, დუისის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.
არსებული ინფორმაციით, გაურგაშვილმა მისივე მეზობელი, 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილი 17 იანვარს სოფელ დუისში ე.წ. ხეხილების ტერიტორიაზე ცივი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მკვლელობის მიზეზად  ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება დასახელდა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ ასეთი განცხადება გაავრცელა:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში 1 პირი – 1975 წელს დაბადებული ხ.გ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ურთიერთშელაპარაკების გამო, თავის თანასოფლელს – 1979 წელს დაბადებულ ი.ქ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად, ი.ქ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, რამდენიმედღიანი ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული პანკისის ხეობაში დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.”