“კასპში დაკავებული პირი შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, ის რუსეთში გადასვლას ითხოვდა” – ბორცვაძე

"კასპში დაკავებული პირი შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, ის რუსეთში გადასვლას ითხოვდა" - ბორცვაძეშს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, პირი, რომელსაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, შსს-ს ყოფილი თანამშრომელია.

„ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. მან 2018 წელს პოლიციის რიგები დატოვა და სამსახურიდან წავიდა. პირადი პატაკით დატოვა სამსახური“, – განაცხადა ბორცვაძემ.

უწყებაში ბრალდებულის განცხადების საფუძველზე მის მიმართ მუქარაზე გამოძიებაა დაწყებული.

„დეტალებზე მიზანმიმართულად არ ვისაუბრებ… მას გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა კონკრეტულ მოქალაქეებთან მიმართებაში და ეს არის გამოძიების საგანი. ყველა ადამიანი ამ საქმესთან დაკავშირებით დაიკითხება, გამოიკითხება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება“, – აღნიშნა ბორცვაძემ.

ეს პირი რუსეთში გადასვლას ითხოვდა.

„რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლა მძევლები და მოლაპარაკებების შემდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალად ედება მძევლად ხელში ჩაგდება, ის იმყოფებოდა საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, იყო საკმაოდ აღელვებული, გატარდა ყველა ღონისძიება, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ჩატარებულიყო მაქსიმალურად, რომ ყველას უფლება დაცული ყოფილიყო და არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ღონისძიება წარმატებით დასრულდა.

მისი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიეყვანათ მანქანა და აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას რუსეთის მიმართულებით. მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს იყო“, – განაცხადა ბორცვაძემ.

იპნ