მიშო და გიორგი ახლოურების მამა, მარად ახლოური, შვილის, მიშო ახლოურის სიკვდილში გამომძიებლებს ადანაშაულებს.
“მთავარ არხთან” ის დეტალურად იხსენებს 5 იანვრის ღამეს და ამბობს, რომ გიორგი ახლოურმა 19 წლის ძმა შემთხვევით მოკლა.
მარად ახლოური ამტკიცებს , რომ დაჭრილ ახალგაზრდას გამომძიებლები ინგოროყვას კლინიკაში დიდხანს კითხავდნენ, რის გამოც სამედიცინო დახმარება დაუგვიანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
“ლაპარაკობდა, რომ ჩამოვიყვანეთ მე, გიომ და ჩემმა დის შვილმა. ბავშვი ცოცხალი მოვიყვანეთ. რანაირად, მაშინ, გზაში ხომ დაიღუპებოდა. ექიმებმა თქვეს, რომ არ გვაცადესო, ასეთი ინფორმაციაც მივიღე… თავიანთი სამსახურის გამო ბავშვი დაიღუპა, ასე გამოდის, რომ სამსახური შეესრულებინათ, გაწირეს”, – ამბობს მარად ახლოური.
ინგოროყვას ექიმი უარყოფს შვილმკვდარი მამის ინფორმაციას და ამბობს, რომ მედიკოსებისთვის მკურნალობის დროს ხელი არავის შეუშლია.
მისივე თქმით, პაციენტი შეყვანიდან 7 წუთში საოპერაციო ბლოკში იყო.
ემერჯენსის ხელმძღვანელი ანა დალაქიშვილი აცხადებს, რომ პაციენტს გულ-მკერდის არეში შემავალი ჭრილობა ჰქონდა.
“პაციენტი კლინიკაში 6 იანვარს შემოიყვანეს, მას ჰქონდა შემავალი ჭრილობა გულ-მკერდის არეში. მისი მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე, პაციენტს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები. საოპერაციო ბლოკში პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია, გულის გაკერვა, თუმცა მისი მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და 02:25 წუთზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,”- განაცხადა ანა დალაქიშვილმა.
მიშო ახლოური 5 იანვრის ღამეს, ცივი იარაღის მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა. მკვლელობის ბრალდებით, მისივე ძმა დააკავეს.
გამოძიება 109-ე მუხლით მიმდნარეობს. დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

