მიხეილ რამიშვილი – “გოგონამ დამირეკა, ტიროდა, თავს მოვიკლავ, ტელეფონი არ წაიღონო”

მიხეილ რამიშვილი - "გოგონამ დამირეკა, ტიროდა, თავს მოვიკლავ, ტელეფონი არ წაიღონო"გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში ახალ ფიგურანტს მობილური ტელეფონი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ექსპერტიზისთვის ჩამოართვეს.

როგორც ადვოკატი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, გოგონა მას დაუკავშირდა და უთხრა, თუკი, ტელეფონს წაართმევდნენ, თავს მოიკლავდა.

„პროკურატურა გაფრთხილებული მყავდა, მე ვარ მისი ადვოკატი და ჩემი გაფრთხილების გარეშე არც ტელეფონი წაეღოთ და არც დაეკითხათ. ბავშვმა დამირეკა, ტიროდა, თავს მოვიკლავ, ტელეფონი არ წაიღონო. ბავშვს ტელეფონს ართმევენ, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, ესენი გესტაპოები არიან, გესმით რას აკეთებენ?! ექსპერტიზისთვის წაიღეს, რომ ახლა როგორღაც თავიანთი საქციელი „გააპრავონ“, სასწრაფო წესით აიღეს განჩინება, აღმოაჩინეს, რომ ეს გოგო ფსიქიკურად თურმე, არაჯანსაღი ყოფილა, რაღაც მკურნალობას გადის და ახლა ორიენტირებულია მთელი გამოძიება, რომ ეს „სქრინები“, თურმე, შესაძლოა, გაყალბებული და ფალსიფიცირებული იყოს.

მეურვეობას რომ საჭიროებს და ამაზე ზრუნვა რომ დავიწყეთ, იმ წუთასვე ყველაფერი დაბლოკეს, ამაზეც არ იზრუნეს, ბავშვი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, გამოძიებას არაფერი უზრუნია, როცა ბავშვი დაზარალებულად იყო ცნობილი, ამაზე მე ვზრუნავ და მე მიბლოკავს გამოძიება ყველაფერს, გამოძიებას ტელეფონი მიაქვს, რომ როგორმე ბავშვს სიყალბე დააბრალონ. ეს არის ჩვენი გამოძიება და ჩვენი პროკურატურა!“, – აცხადებს რამიშვილი.

ის გამოეხმაურა ასევე პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უწყებამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„ბაჩალიაშვილის საქმე დახურეს, დახურულ საქმეზე როგორ უნდა ეძებო მტკიცებულებების გაყალბება, საქმე დახურულია და რას ეძებ, რას? გახსენით ბაჩალიაშვილის საქმე და მერე მოძებნეთ ყალბია თუ არა ეს „სქრინი“, – აცხადებს რამიშვილი.

მისივე განმარტებით, ტელეფონის ექსპერტიზაზე ოჯახი დამოუკიდებელ ექსპერტს ვერ ჩართავს, ვინაიდან, მათ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუქმებული აქვთ.

იპნ