პროკურორი სილაგაძე – “ბოკოვის წინააღმდეგ მოწმეებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდეს”

პროკურორი სილაგაძე - "ბოკოვის წინააღმდეგ მოწმეებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდეს"პროკურორ მაიას სილაგაძის განცხადებით, გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულ ვასამბეგ ბოკოვის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს დაკითხულმა მოწმეებმა სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც პროკურორი განმარტავს, მოწმეებმა იმ ზიანზე ისაუბრეს, რაც გიორგი გაბუნიას ბრალდებულის ადევნებისა და უკანონო თვალთვალის შედეგად მიადგა.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზდ დაიკითხა დაზრალებული გიორგი გაბუნია, დაიკითხნენ სხვა მოწმეები, მათ შორის, ნიკა გვარამია. გიორგი გაბუნიამ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია იმ ზიანთან დაკავშირებით, რაც მას მიადგა ბრალდებულის უკანონო თვალთვალის და მისი პირადი ინფორმაციის მოპოვების შედეგად. ნიკა გვარამიამ და მისმა დაცვის წევრებმაც აღნიშნულთან დაკავშორებით სასამართლოს მიაწოდეს ბრალდების მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დეტალური ინფორმაცია“, – განაცხადა სილაგაძემ.

ცნობისთვის, 2020 წლის 27 ნოემბერს, გიორგი გაბუნია დაზარალებულად ცნეს, ხოლო ვასამბეგ ბოკოვს სსკ-ის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის წარედგინა ბრალდება, რაც გულისხმობს ადევნებას, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას, თვალთვალს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ყალბი დოკუმენტის გამოყენებას. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული არა ვასამგებ ბოკოვი, არამედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – მაგომედ გუციევია, რომელმაც ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სისტემატურად ახორციელებდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.

იპნ