საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ მერაბ ჯერანაშვილი აირჩიეს

საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ მერაბ ჯერანაშვილი აირჩიესდიდი პასუხისმგებლობაა, როცა ასე ერთხმად მოხდა ჩემი არჩევა, იმედია, ამ ნდობას გავამართლებ, – ასე გამოეხმაურა თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მის არჩევას.

ის რამდენიმე წუთის წინ, საბჭოს წევრებმა ერთხმად აირჩიეს ახალ თავმდჯომარედ. როგორც ჯერანაშვილმა განმარტა, მისთვის ეს პოსტი საპასუხისმგებლოა და შეეცდება, რომ მისი საქმიანობა ნაყოფიერი და წარმატებული იყოს.

„უღრმეს მადლობას გადაგიხდით თითოეულ თქვენგანს, ნამდვილად დიდი პატივია, იყო კონსტიტიციური ორგანოს საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე, მითუმეტეს, დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ასე ერთხმად მოხდა ჩემი არჩევა. მიუხედავად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისა, ყველა თქვენგანის ნდობა დავიმსახურე, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. იმედია, გავამართლებ ამ ნდობას და ჩვენი ერთობლივი საქმიანობა იქნება ნაყოფიერი და წარმატებული. აქვე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნანა ხუნჯუას, ადამიანს რომელიც ფაქტობრივად გარდამავალ პერიოდში იყო პირველი თავმჯდომარე საპროკურორო საბჭოსი, საკმაოდ რთულ პერიოდებში მოუწია მას ამ ფუნქციის და უფლებამოსილების განხორციელება. დამეთანხმებით, რომ ნამდვილად ღირსეული თავმდჯომარე იყო, დიდი მადლობა ქალბატონო ნანა, ნამდვილად წარმატებული იყო თქვენ მიერ ამ 2 წლის განმავლობაში გატარებული საქმიანობა და როგორც იტყვიან, ოქროს ასოებით ჩაეწერებით საპროკურორო საბჭოს ისტორიაში. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეფექტიანი იქნება ჩვენი თანამშრომლობა, ნამდვილად ეფექტიანი იქნება საპროკურორო საბჭო იმ უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების პროცესში, რაც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული“, – განაცხადა ჯერანაშვილმა.

ახალი თვმჯდომარე საპროკურორო საბჭოს 2 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

მოქმედ თავმჯდომარეს, ნანა ხუნჯუას უფლებამოსილება ხვალ, 16 იანვარს ეწურება.

ცნობისთვის, მერაბ ჯერანაშვილი პროკურატურაში 2009 წლიდან მუშაობს, სტაჟირების ერთწლიანი პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ ის დაინიშნა მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრვი რესურსების სამინისტროში საგამოძიებო-საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის თანამდებობაზე, სადაც 2014 წლამდე მუშაობდა. შემდეგ, 2014-2016 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2016 წლიდან დღემდე კი, ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

იპნ