ბელარუსში 2 ჟურნალისტს აქციის გადაღებისთვის 2-2 წელი მიუსაჯეს

ბელარუსში 2 ჟურნალისტს აქციის გადაღებისთვის 2-2 წელი მიუსაჯესბელარუსის სასამართლომ ორ ბელარუს ჟურნალისტს პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გადაღების გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სააგენტოს ცნობით, დაპატიმრებულები პოლონური ტელეკომპანია ბელსატის თანამშრომლები არიან.

27 წლის კატერინა ანდრეევა და 24 წლის დარია ჩულცოვა საკუთარ ბინაში დააკავეს, საიდანაც ისინი ერთ-ერთი დემონსტრანტის გარდაცვალების გამო გამართული საპროტესტო აქციის გადაღებას აწარმოებდნენ.

ჟურნალისტები საპროტესტო აქციების ორგანიზებაში დაადანაშაულეს. ბრალდების მხარემ მტკიცებულების სახით ვიდეოკამერა, მიკროფონი, მობილური ტელეფონები, და მეხსიერების ბარათები წარადგინა.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ჟურნალისტების დაკავება დაგმეს.

შეგახსენებთ, ბელარუსის ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი გასული წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს. აქციების ძალადობრივი დარბევის შედეგად დღემდე 33 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

იპნ