ჩხოროწყუში მე-7 კლასელებს მერიის ტუალეტი ახეხინეს – ვიდეო

ჩხოროწყუში მე-7 კლასელებს მერიის ტუალეტი ახეხინეს - ვიდეოჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს „დასუფთავების აქციის“ ფარგლებში მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს.

როგორც „ლაივპრესს“ ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურცენტრის დირექტორმა ლია ჯალაღონიამ განუცხადა, მოსწავლეებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან გასაუბრებით დადგინდა, რომ რამდენიმე დღის წინ სკოლაში მივიდა მოქალაქე, რომელმაც საგანმანათლებლო დაწესებულებას დასუფთავების აქციაში მონაწილეობა შესთავაზა და დირექცია შეცდომაში შეიყვანა.

„ერთ-ერთი პირი მივიდა სკოლაში. უთხრა დირექტორს, რომ გამგეობასთან ერთად არის დასუფთავების პროექტი. უთხრა, სხვა სკოლებთან ერთად თუ მიიღებდნენ მონაწილეობას ამ აქციაში. დირექტორი შევიდა შეცდომაში, რადგან ასეთი საკითხები წყდება მხოლოდ სამინისტროს გავლით. ეს არის უხეში დარღვევა, რადგან როდესაც სკოლაში შემოდის უცხო პირი, სამსახური, ყველაფერი წყდება სამინისტროს გავლით. დირექტორმა არ იცოდა, კონკრეტულად სად იყო ეს აქცია. მან უთხრა, რომ ეს იყო პროექტი და დირექტორიც შევიდა შეცდომაში“, – განაცხადა ლია ჯალაღონიამ.

„დასუფთავების აქციის“ ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მშობლის დახმარებით გავრცელდა. ვიდეოში ჩანან მოზარდები, რომლებიც რეცხავენ წყლითა და სარეცხი საშუალებებით საპირფარეშოს.

ლია ჯალაღონიას თქმით, ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა მას მომხდარიდან მეორე დღეს მიაწოდეს. მან კი, თავის მხრივ დაუყოვნებლივ შეატყობინა განათლების სამინისტროს. ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„ლაივპრესს“ სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

მუნიციპალიტეტის მერი, დათო გოგუა. ამბობს, რომ აქციის შესახებ არაფერი იცოდა.

„ეს იყო თვითნებობა. არავითარი შეთანხმება ამ საკითხზე მერიასთან და სკოლასთან არ ყოფილა. ეს იყო ერთი პიროვნების შემოქმედება. ყველაფერს გამოძიება დაადგენს და მერწმუნეთ, ყველა უმკაცრესად დაისჯება, რადგან ეს ყოვლად გაუმართლებელი ფაქტია“, – განაცხადა „ლაივპრესთან“ საუბარში დათო გოგუამ.

ლაივპრესი