გორის პოლიციამ მოპარული ტრუსების და ბიუსტჰალტერების ამოცნობის პროცედურა არასწორად ჩაატარა

გორის პოლიციამ მოპარული ტრუსების და ბიუსტჰალტერების ამოცნობის პროცედურა არასწორად ჩაატარა4-წლიან სასჯელს იხდის მამაკაცი, რომელმაც გორის პოლიცის თანამშრომლებს, დაკავების დროს, წინააღმდეგობა გაუწია, ხოლო სკამით და იატაკის საწმენდი ჯოხით მათ სცემა.

მამაკაცი 2024 წელს დატოვებს ციხეს. სამაგიეროდ, სასამართლომ იგი გაამართლა იმ ბინების ქურდობის ფაქტზე, რომლის გამოც, დააკავეს და წინააღმდეგობა გაუწია.

ქურდობა დევნილთა დასახლებაში მოხდა. პირველი ფაქტი 2019 წლის 9 მარტს, ხოლო მეორე – 12 აპრილს.

ერთ ბინაში დაიკარგა 100-დოლარიანი კუპიურა და ტრუსები. ხოლო მეორე
ბინაში – ნოკიას ფირმის ტელეფონი და ბიუსტჰალტერები.

როგორც დაზარალებულები თავიანთ ჩვენებებში აღნიშნავენ, მოიპარეს გასაშრობად ეზოში გაფენილი საცვლები და ტრუსები.

გორის პოლიციის თანამშრომლებმა, მამაკაცი საკუთარ სახლში დააკავეს. დაკავების დროს, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნოკიას ტელეფონი, ასევე ტრუსები და ბიუსტჰალტერები. ამოსაცნობად დაიბარეს დაზარალებულები, რომლებმაც საკუთარი ნივთები ამოიცნეს.

მოსამართლე ლევან დარბაიძემ განმარტა, რომ ნივთების ამოცნობის პროცედურები ჩატარდა მთელი რიგი პროცესუალური დარღვევებით.

,,ამოცნობისას დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტრუსი და ბიუსტჰალტერი წარუდგინეს. ისინი მოთავსებული იყო ცელოფანში, დალუქულ მდგომარეობაში, რომლებიც ერთად მაგიდაზე ელაგა. დამაზუსტებელ შეკითხვაზე, დაზარალებულმა განმარტა, რომ მან ტრუსები და ბიუსტჰალტერი ამოიცნო ერთდროულად, ანუ ცალკე ქვედა საცვლების და ცალკე ბიუსტჰალტერის ამოცნობა არ მომხდარა, როგორც ეს საგამოძიებო მოქმედების ოქმებშია დაფიქსირებული.”” – განმარტავს მოსამართლე.

მისი აზრით, დაზარალებულმა ვერ დააკონკრეტა, თუ რა რაოდენობის ნივთებიდან ამოიცნო მის საკუთრებაში არსებული საცვლები. მეტიც, დაზარალებულმა განმარტა, რომ როგორც ტრუსები, აგრეთვე ბიუსტჰალტერები მაგიდაზე ერთად ელაგა, ცელოფნის პარკში შეფუთულ და დალუქულ მდგომარეობაში, ამდენად, მას არ ჰქონია შესაძლებლობა სრულყოფილად დაენახა ამოსაცნობად წარდგენილი ნივთები.

გარდა აღნიშნულისა, განმარტავს მოსამართლე, სახეზეა ორი სხვადასხვა სახეობის ნივთი – ტრუსი და ბიუსტჰალტერი, რომელთა ამოცნობაც, დაზარალებულის ჩვენების თანახმად, მოხდა ერთდროულად, ანუ საგამოძიებო მოქმედებები მაღალი ალბათობით ცალ-ცალკე არ ჩატარებულა, როგორც ეს შესაბამის ოქმებში და აღნიშნულ მოქმედებებში მონაწილე გამომძიებელთა ჩვენებებში არის მითითებული.

ამასთან, დაზარალებულის განმარტებით, მისი კუთვნილი წითელი და ვარდისფერი ტრუსები, ასევე, შავი ფერის ბიუსტჰალტერი მას არ წარედგინა ერთგვაროვან (ერთი ფერის) არანაკლებ ორ ნივთთან ერთად, როგორც ეს საგამოძიებო მოქმედების ოქმებშია ასახული.

ქართლი