ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ შალვა შალიკაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი აფშილავამ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სასამართლო პროცესი დისტანციურად გაიმართა.
ადვოკატებმა ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ მოსამართლეს 30 000 – ლარიანი გირაო შესთავაზეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ.
„სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უკანონო. სენსაციური იყო, როდესაც დავსვით კითხვა პროკურორის მიმართ, როდესაც ვთხოვეთ , რომ ბატონი მოსამართლის წინაშე დაესახელებინა თუნდაც ერთი პირდაპირი ნივთმტკიცება, პროკურორმა განაცხადა, რომ ასეთ ნივთმტკიცებას მოიპოვებენ მომავალში. ანუ, მომავლის იმედზე მოსამართლე უფარდებს პატიმრობას. სასამართლო ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე. სასამართლო დაკავებულია პროკურატურის უკანონო მოთხოვნების რეგისტრაციით. დაკავებული ადრეც იყო ნასამართლევი. 9 წელი მოიხადა სრულიად უდანაშაულოდ ციხეში. შემდეგ სტრასბურის სასამართლოს მიერ იქნა გამართლებული“, – განაცხადა ადვოკატმა მარლენ კაზანჩიმ.
შალიკაშვილის ადვოკატები საქმის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.
შეგახსენებთ, 4 თებერვალს ფოთში, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან საკუთარ ავტომობილში, შვილის თვალწინ ახალგაზრდა მამაკაცი, გურამ ახალაია ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. მკვლელობის ფაქტზე შსს-მ შალვა შალიკაშვილი ცხელ კვალზე დააკავა. მას ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილია, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

