“მარჯანიშვილის მეტროსთან კაცი გდია ძირს, გაყინულია და არყის სუნი ასდის…” – რას იხსენებს ნანა აკობიძე

"მარჯანიშვილის მეტროსთან კაცი გდია ძირს, გაყინულია და არყის სუნი ასდის..." - რას იხსენებს ნანა აკობიძენანა აკობიძემ ფეისბუქში დაწერა:

“მამაჩემმა ერთი კაცი გადაარჩინა: ღამით ხევში გადავარდნილი, დამტვრეული ამოიყვანა. რეალურად, განწირული იყო ის კაცი: თეორიული შანსიც არ არსებობდა, რომ იქ ვინმეს ეპოვა – მამაჩემის გარდა.
“ნასვამი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, ვერც მე გავბედავდი ჩასვლასო” – ყვებოდა მერე, „კიდე კარგი, თოკი მქონდა თანო“. ამ ამბიდან ცოტა ხანში დედაჩემს ამბავი მოუტანა მეზობელმა: „ის ოფიტარელი კაცი რომ გადაარჩინა იორამმა, საავადმყოფოდან გამოსულა, დიდი კამპანია გადაუხდია და იორამი რატო არ იყო წასული, არ დაპატიჟაო?“გაწიწმატდა დედაჩემი: „ის უმადური, არ უნდა ამოეყვანა, უნდა დაეტოვებინა იმ ხევშიო”. ეცა სამსახურიდან მოსულ მამაჩემს: „წარმოგიდგენია? კამპანია გადაუხდია და არც კი დაგპატიჟაო!“ „მოგცლია ერთიო“ – გაიცინა მამაჩემმა, „ნეტა სისულელეზე არ ბრაზობდეო“.
სულ მახსოვდა ეს ამბავი და მამაჩემის რეაქცია იმ გადარჩენილი კაცის “მადლიერებაზე”.
ერთხელაც, 90-იანებში ზამთარია, ყინავს და გვიან ღამით გამოვედით სამსახურიდან მე და ჩემი მეგობარი მარიკა Mari Megreli. ჩავსხედით ჩემი მომავალი მეუღლის მანქანაში და მარჯანიშვილის მეტროსთან ვხედავთ: კაცი გდია ძირს. მივედით, ვაჯანჯღარებთ: გაყინულია ფაქტიურად და არყის სუნი ასდის. არადა, მოწესრიგებულად ჩაცმული, შუახნის კაცია. „სად ცხოვრობთ, ბიძია“-თქო, ჩავძახით ყურში. დიდი მცდელობის მერე – „წინამძღვრიშვილზეო“, – ერთი ამოილუღლუღა და დაიძინა ისევ თუ გაითიშა – რას გაიგებ. ჩავსვით (ანუ შევიტანეთ) მანქანაში და გავვარდით წინამძღვრიშვილზე, იმსიგრძე ქუჩაა – რა გინდა, რომ ქნა! მივაჩერებთ მანქანას სავაჭრო “ბუტკასთან” (ჯიხურების პერიოდია – სადაა მარკეტ-მაღაზიები) და ხომ არ იცნობთ ამ კაცს-თქო- ვეკითხებით გამყიდველს, გამოვლენ, მიანათებენ სახეში ფანარს – აიჩეჩავენ მხრებს. ის-ისაა, იმედგადაწურულებმა დიდუბის მილიციისკენ ავიღეთ გეზი, რომ – „უი, ეს ჩვენი გურამი არააო?“ – ერთმა ჯიხურის გამყიდველმა. მოკლედ, იცნო: სახლიც იცოდა მისი და წამოგვყვა. ჩავაბარეთ ოჯახს, ავუხსენით, „ახალ თაობაში“ ვმუშაობთ, შემთხვევით გადავაწყდით სამსახურთან, მეტროსთან იწვა, ამ ყინვაში გარეთ ხომ არ დავტოვებდით-მეთქი.
რამდენიმე დღეში დაგვხვდა ამ კაცის ზარი სამსახურში; მოუყოლია ამბავი და უთხოვია, ის ხალხი მომაძებნინეთ, ვინც გაყინვას გადამარჩინაო. მოკლედ, მისამართი კი იციანო და სახლში გვეპატიჟებოდა. ვესტუმრეთ: ზღაპრულ ოჯახში, ზღაპრული სუფრა დაგვახვედრა, „იმ დღეს მეგობრებთან სუფრაზე ცოტა არაყი დავლიე და ეტყობა, მომწამლა, მეტრომდე რომ მივედი, ეს მახსოვს და მეტი არაფერიო.“ ისეთი მადლიერება ჰქონდა, ცრემლს ვერ მალავდა, თან დარცხვენილი იყო: „ამ ხნის კაცი, ალბათ, ლოთი გეგონეთ და თუ ლოთი გეგონეთ და მაინც არ მიმატოვეთ, ორმაგად მადლიერი ვარო“. ჩვენც (22-23 წლისები ვართ, მისი შვილის ხელები) შევიფერეთ, გავიბადრეთ, გავბედნიერდით ცალკე ჩვენი „გმირობით“ და ცალკე ამ კაცის ასეთი მადლიერებით.
მამაჩემს მოვუყევი მერე ეს ამბავი. „კარგი გიქნია, მამა, მარა სახლში მისვლა რა აუცილებელი იყო – უხერხულობას იგრძნობდა ადამიანიო“. „კაი, რა, მამა, აბა ის იყო კარგი, იმ ოფიტრელმა კაცმა კამპანია რომ გადაიხადა და შენ არც კი დაგპატიჟა“-მეთქი. მიყურებს ეს მამაჩემი და: „როგორ არ დამპატიჟა, მამა, რეალურად ჩემთვის გააკეთა ის სუფრა, მაგრამ დედაშენს არ ვუთხარი: წასვლას დამიჟინებდა და სად შემეძლო სუფრის თავში გმირივით ჯდომაო.“. „რას ნიშნავს გმირივით, შენ რომ არა, დღეს ხომ მისი ძვალიც არ იქნებოდა“-მეთქი და „ოო, კაი ახლა, ნუ დაიწყე შენც დედაშენივითო.“
ამბის მორალი: მამა მჯობია.”