“მძღოლმა იარაღი დამიმიზნა და მესროლა, გაზს ფეხი დავადგი და გავიქეცი” – ანი დიასამიძე სიკვდილს გადაურჩა

"მძღოლმა იარაღი დამიმიზნა და მესროლა, გაზს ფეხი დავადგი და გავიქეცი" - ანი დიასამიძე სიკვდილს გადაურჩასოციალურ ქსელში გავრცელდა ბლოგერ ანი დიასამიძის ვიდეო, სადაც ის ყვება გუშინ ბათუმში თამარის დასახლებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ. როგორც ანი დიასამიძე აცადებს, თამარის დასახლებაში გადამეტებული სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი აედევნა და რამდენჯერმე გაისროლეს. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ანი დიასამიძე აცხადებს, რომ უჭირს იმის მტკიცება, მისი მისამართით იყო განხორციელებული გასროლა, თუ ორი ავტომობილის მგზავრებს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

„ქობულეთიდან ბათუმში ვბრუნდებოდი ავტომობილით. მარტო ვიყავი. დაახლოებით 16 საათი იქნებოდა. ორი ავტომობილი გადამეტებული სიჩქარითა და ავარიული სიგნალებით მოძრაობდა, უცებ ერთ-ერთმა, „ნისან სქაილაინმა“ ავარიული მანევრი გააკეთა და დავინახე მძღოლს, რომელიც მანამდე არასდროს მენახა, ხელში იარაღი ეჭირა. დამიმიზნა იარაღი და გაისროლა რამდენჯერმე, გასროლის ხმაც გავიგონე. იმ წუთას რაც გავაკეთე, გაზს დავაწექი და გავიქეცი.

ვერ გეტყვით ჩემი მიმართულებით გაისროლეს, თუ ერთმანეთთან ჰქონდათ დაპირისპირება. იმ წუთას დავინახე, რომ დამიმიზნა და თვითგადარჩენის ინსტიქტი ამუშავდა. რაღაც მომენტში მქონდა განცდა, რომ ერთმანეთთან ჰქონდათ დაპირისპირება. არ ვიცი. შესაძლოა უბრალოდ ჩემი შეშინება უნდოდათ.

გამოძიება რამდენიმე ვერსიას განიხილავს. ვერც იმას გეტყვით, რა ტიპის იარაღი იყო, იყო თუ არა ცეცხლსასროლი თუ სხვა, გამოძიება დაადგენს.

რამდენიმე მეტრში პოლიციის ეკიპაჟი იდგა, დაინახეს და შეანელეს სვლა. მე გავასწარი. ისეთ შოკში ვიყავი, ვერ ვუთხარი პოლიციას იმ წუთას მომხდარი ფაქტის შესახებ. შევეცადე ვიდეო გადამეღო, რომ ნომრები დამეფიქსირებინა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ვერ დავაფიქსირე, მაგრამ პოლიციამ გადახვევით დაადგინა.

ჩემი ვიდეომიმართვის შემდეგ დამიკავშირდნენ სამართალდამცველები, ვიყავი მთავარ სამმართველოში მისული და ჩვენებაც მივეცი. მომხდარის გამო ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაში ვარ, რადგან სიკვდილს სასწაულებრივად გადავურჩი“, – აცხადებს ანი დიასამიძე.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

პრაიმ ტაიმი