შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1984 წელს დაბადებული ვ.ბ. თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, 1969 წელს დაბადებულ კ.ლ.-სთვის, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის აიდი ბარათის დამზადების სანაცვლოდ მოტყუებით დაეუფლა 300 აშშ დოლარს.
კერძოდ, შეხვედრაზე ვ.ბ.-მ კ.ლ.-ს შესთავაზა ევროპის ნებისმიერი ქვეყნის აიდი ბარათის დამზადება, რომლის მეშვეობითაც იგი სასურველ ქვეყანაში უპრობლემოდ ცხოვრებას შეძლებდა, ასევე განუმარტა, რომ აიდი ბარათის ღირებულება იყო 5.680 აშშ დოლარი და შეეძლო ამ თანხის ეტაპობრივად გადახდა. ვ.ბ.-მ კ.ლ-ს 300 აშშ დოლარი წინასწარ მოტყუებით გამოართვა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ვ.ბ თბილისში დააკავეს. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა მოქალაქეების პირადობის მოწმობები და სხვა დოკუმენტები.
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია ოპოზიციური ორგანიზაცია „შეცვალეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ ბერიძე.
ბერიძე „ნაციონალური მოძრაობის“ და პირადად მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდაჭერით გამოირჩევა, რასაც მისი „ფეისბუქ“ პოსტებიც ადასტურებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით კი ირკვევა, რომ ვახტანგ ბერიძე თანამოაზრეებთან ერთად კიევში მიხეილ სააკაშვილსაც სტუმრობდა.

