პოლიციის მაიორი გელა კვაშილავა ტვ “პირველის” წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

პოლიციის მაიორი გელა კვაშილავა ტვ "პირველის" წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავსპოლიციის მაიორმა, ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გელა კვაშილავამ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ტვ “პირველის” წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს.

„მინდა გამოვეხმაურო 30 იანვარს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მტკიცებით ფორმაში იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ მე, გელა კვაშილავა ფოთის ქუჩებში გადავაადგილდებოდი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით და გადამქონდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

ეს არის სიცრუე. არანაირი კავშირი ნარკოტიკულ საშუალებებთან არასდროს მქონია, არც „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა მყავს და არც არასდროს მითხოვია ვინმესგან მსგავსი ტიპის მასალა. სანამ სიუჟეტი ეთერში გავიდოდა, ტელეკომპანიის წარმომადგენელი დამიკავშირდა, რომელსაც ვესაუბრე და განვუმარტე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით კავშირი არ მქონია, ასევე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გავიდა ეთერში ჩემი ფოტოსურათი და ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე ნარკოტიკული საშუალებების გადატანით ვარ დაკავებული.

მე, გელა კვაშილავას, მყავს მეუღლე, 2 შვილი და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მშობლები. ამ სიუჟეტის შემდეგ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, შეილახა ჩემი პატივი და ღირსება, საქმიანი რეპუტაცია. აქედან გამოდინარე, პირველ რიგში, ვითხოვ ბოდიშის მოხდას ტელეკომპანია „პირველისგან“ .

ასევე ვაპირებ სამართლებრივად დავიცვა ჩემი თავი და ვაპირებ, მივმართო სასამართლოს ტელეკომპანია „პირველის“ მხრიდან ჩემი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე“, – განაცხადა კვაშილავამ.

იპნ