პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებას მოითხოვს თუ ის 40.000 ლარიან გირაოს არ გადაიხდის

პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებას მოითხოვს თუ ის 40.000 ლარიან გირაოს არ გადაიხდისსაქართველოს გენერალური პროკურატურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას აფრთხილებს, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებულ საკითხზე გაფრთხილების მიზნით ნიკა მელია საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს.

მათივე განმარტებით, მელიამ გირაოს სახით შეფარდებული 40.000 ლარი უნდა გადაიხადოს ან გირაო აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით უნდა უზრუნველყოს.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა მელიასთან გაფორმდება ოქმი, რომლის მიხედვითაც მას გირაოს თანხის გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთკვირიანი ვადა. სწორედ ამის შემდეგ იმართავს უწყება სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით 40.000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე მას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

იპნ