თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ადვოკატმა რამიშვილმა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ადვოკატმა რამიშვილმა სასამართლოში საჩივარი შეიტანესგარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებმა და მშობლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს. ისინი გარდაცვლილის მამისთვის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის დაბრუნებასა და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ.

როგორც ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, თუკი, მათ საჩივარს სასამართლო არ დააკმაყოფილებს, ისინი სტრასბურის სასამართლოს მიმართავენ.

“ჩვენ გავასაჩივრეთ ქალაქის პროკურორის დადგენილებები გენერალურ პროკურატურაში, მათ ისევე დააბრუნეს დადგენილება ქალაქის პროკურატურაში, სადაც უარი გვითხრეს და საჩივარი არ დაგვიკმაყოფილეს. სასამართლოში შეტანილ საჩივარში დავაფიქსირეთ, რომ აღნიშნული დადგენილებები არის უკანონო. არანაირი ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს, რომ მედიკამენტებზე, რომელიც აღმოჩენილი იყო თამარის ავტომობილში, დნმ-ის ექსპერტიზა არის ჩატარებული, ეს ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ. არსებობს ძალიან ბევრი დარღვევა, რომლებიც ბოლო წუთს, თითქოს, გაგვაცნო პროკურატურამ.

ვიმედოვნებ, მოსამართლეს არ დაავიწყდება, რომ თუ საქმეს არ დააბრუნებს გამოძიებაში, ეს საქმე სტრასბურში გასაჩივრდება, შესაბამისად, ყველასათვის ნათელი იქნება ის უკანონობა, რომელიც დღემდე მიმდინარეობს. თუ საქმე არ აღდგება გამოძიებაში და არ აღდგება უფლებამონაცვლის სტატუსი ჯუმბერ ბაჩალიაშვილისთვის, რა თქმა უნდა, სტრასბურში გასაჩივრდება ყველაფერი და გამოჩნდება, როგორ არ არსებობს მართლმსაჯულება და ობიექტური გამოძიება საქართველოში.

გავასაჩივრეთ პროკურატურის უარი, ყველა ის დადგენილება, რომლითაც ჩვენ საჩივარს უარი ეთქვა, რომ საქმე გამოძიებაში აღდგენილიყო და აღმდგარიყო უფლებამონაცვლის სტატუსი. ყველა დადგენილებაში არის სიცრუის კასკადი და არანაირი დასკვნა არ არსებობს, რომ მედიკამენტები თამარის მიერ იყო გამოყენებული”,- განაცხადა რამიშვილმა.

იპნ