“ზეწრები დახეული ეყარა. ბევრი ნაფეხური იყო” – ახალციხეში 70 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

"ზეწრები დახეული ეყარა. ბევრი ნაფეხური იყო" - ახალციხეში 70 წლის ქალის ცხედარი იპოვესახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, 27 თებერვალს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ქალი იპოვეს.

70 წლამდე ქალი გარდაცვლილი მისმა ახლობელმა ნახა.

ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ექსპერტმა სიკვდილის მიზეზი უნდა დაადგინოს.

მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ პირველადი ვერსია – გაზით გაგუდვა, განზრახ მკვლელობამ შეცვალოს.

„ორი დღეა არ მინახავს. ნათესავი მოვიდა დღეს, კარი ღია დახვდა, შევიდა სახლში და ყველაფერი არეულ-დარეული იყო. შეეშინდა და ყვირილი დაიწყო, მაშივე პოლიციას გამოუძახეს. სოციალურ დახმარებას იღებდა, რა უნდოდათ ამ ქალთან, არ ვიცი“, – ყვება გარდაცვლილის მეზობელი მარგალიტა მალცოვა.

კიდევ ერთი მეზობელი, რომელიც სახლში ერთ-ერთი პირველი შევიდა, ამბობს, რომ სახლში გაზის სუნი იდგა. ის არ გამორიცხავს, რომ ასაკიანი ქალი მოკლულია.

„მთელი სახლი თავდაყირა იყო, ზეწრები დახეული ეყარა. ბევრი ნაფეხური იყო, ჭუჭყიანი ფეხსაცმლის კვალი. შეიძლება ვინმე შევიდა, შემოაკვდათ და კვალის დაფარვის მიზნით გაზი გაუშვეს, რომ გაგუდული გვგონებოდა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

პრაიმ ტაიმი