ანა დოლიძეს სახლში მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟეს – “ეს სერიოზული სკანდალი გახდება საერთაშორისო დონეზე”

ანა დოლიძეს სახლში მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟეს - "ეს სერიოზული სკანდალი გახდება საერთაშორისო დონეზე"მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სუსის თანამშრომელმა ივანე გულაშვილმა ანა დოლიძის სახლში მისაყურადებელი აპარტურა დაამონტაჟა.

ანა დოლიძემ ამის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“თუ ეს გაფრთხილებაა, რომ მე არ უნდა გავაკეთო დამოუკიდებელი ძალა და უნდა შევეშვა პოლიტიკურ საქმიანობას, როგორც ჩანს, ის ხალხი, ვინც ფარული ჩანაწერების დავალებას იძლევა და ახორციელებს, კარგად არ მიცნობს”, – განაცხადა მან.

ანა დოლიძის თქმით, გავრცელებულ ინტერვიუში რამდენიმე კითხვის ნიშანია, რომელიც საგამოძიებო უწყებებმა აუცილებლად უნდა გამოიძიოს.

„ჩვენების თანახმად, ფარული ჩაწერა 2014 წელს ხორციელდებოდა, თუმცა ამ დროს მე საქართველოში არ ვიყავი. 2015 წლის ივნისში დავბრუნდი ქვეყანაში. მეორე კითხვის ნიშანი ისაა, რომ ჩვენება მიცემულია 2019 წელს, მაშინ, როდესაც მე ვიყავი მთავარი მებრძოლი სასამართლო „კლანის“ წინააღმდეგ და სალომე ზურაბიშვილს მაგიდაზე ედო „კლანის“ მოთხოვნა, ჩემი იუსტიციის საბჭოდან გაწვევასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე ეს მესმის როგორც პოტენციური გაფრთხილება, რათა ჩემნაირ აქტიურ ადამიანს თავი შეეკავებინა პოლიტიკური საქმიანობისგან. მესამე, და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, ივანე გულაშვილი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მას აქვს ფაილები ათასობით ადამიანის შესახებ და ამ ათასობით ადამიანიდან მასახელებს მხოლოდ მე. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ამ თემაზე გამოძიება, რომელსაც აუცილებლად ექნება საერთაშორისო წნეხი, რასაც პირადად ვუზრუნველვყოფ“, – აცხადებს ანა დოლიძე.