აფეთქება გარდაბნის სკოლასთან – 14 წლის მოზარდი დაიღუპა, მისი ძმა დაშავდა

აფეთქება გარდაბნის სკოლასთან - 14 წლის მოზარდი დაიღუპა, მისი ძმა დაშავდაგარდაბანის მუნიციპალიტეტ სოფელ თბილწყაროში უბედური შემთხვევა მოხდა.

ერთ-ერთი სკოლის მიმდებარედ კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერება აფეთქდა.

აფეთქების შედეგად ორი არასრულწლოვანი ძმა დაშავდა. დაშავებულები კლინიკა “ჯეოჰოსპიტალში” გადაიყვანეს.

“სავარაუდოდ, ბავშვები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაუსახლებელ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც შემთხვევა მოხდა. ერთმა  ბავშვმა ზედაპირული დაზიანებები მიიღო”, – განაცხადა გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა.

“დაჭრილი ბავშვი ამბობს, რომ ისინი ბებიასთან მიდიოდნენ, გზაზე იპოვეს გაურკვეველი მოწყობილობა, გადავიდნენ მინდორში და დაიწყეს ამ მოწყობილობის დაშლა, რომელიც მალე აფეთქდა.

რამდენიმე დღის წინ სამხედრო ნაწილმა გაიარა ამ გზაზე. ალბათ ეს მოწყობილობა მათ დაუვარდათ” – უთხრა ინფო რუსთავს ადგილობრივმა.

მოგვიანებით, აფეთქების შედეგად დაშავებული 14 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა.

“ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმის ნონა ასათიანის განცხადებით, 14 წლის მოზარდს კლინიკაში შეყვანის დროს მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

აფეთქების შედეგად დაშავებული მეორე, 9 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

“ორი ბავშვი შემოიყვანეს, ერთი მძიმე დაზიანებებით, მეორე მსუბუქით. ბავშვს, რომელიც მსუბუქი დაზიანებით იყო, ჯანმრთელობის თვალსაზრისით არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, იქ ძალიან რთული შემთხვევა იყო. ბავშვი შემოვიდა ისე, რომ პულსი, წნევა არ ესინჯებოდა. მრავლობითი დაზიანება ჰქონდა. დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა“, – განაცხადა ასათიანმა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.