არჩილ გაგნიძის ადვოკატი – “ბრალდების სიტყვა სამარცხვინო იყო”

არჩილ გაგნიძის ადვოკატი - "ბრალდების სიტყვა სამარცხვინო იყო"ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა სამარცხვინო იყო და „სწორედ ის ჰგავდა ჰაერში გასროლილ სიტყვებს“. აღნიშნულით ადვოკატმა პროკურორის კომენტარს უპასუხა, რომელიც მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სიტყვები ჰაერშია გასროლილი.

მამულაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება.

„ჰაერში გასროლილი სიტყვები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვა იყო, იმდენად სამარცხვინო სიტყვა ჰქონდათ, სასამართლოს ვერ წარუდგინეს და არც ჩვენ არ მოგვცა, მიუხედავად იმისა, რომ წერილობით ჰქონდათ წარმოდგენილი. რაც შეეხება ჩვენს დასკვნით სიტყვას, ჩვენ პრაქტიკულად მივუდექით, კომპაქტური დასკვნითი სიტყვაა, პრეზენტაციებით, უფრო აღქმადი და სასამართლო ჩვენი სიტყვის შემდეგ უფრო დარწმუნდება, რომ ამ საქმეზე უალტერნატივოდ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს”,- განაცხადა მამულაშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

იპნ