“ჩემმა ქმარმა დამირეკა და მოკვლით დამემუქრა” – რა მოხდა რუსთავში

"ჩემმა ქმარმა დამირეკა და მოკვლით დამემუქრა" - რა მოხდა რუსთავშირუსთავში, მეგობრობის გამზირზე არსებულ სასურსათო მაღაზიაში ინცინდენტი მოხდა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი შუახნის მამაკაცი მაღაზიაში დასაქმებულ შვილთან მიიჭრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასზე ფიზიკურ ძალადობასაც ცდილობდა.

როგორც თვითმხილველები საინფორმაციო სააგენტოს უყვებიან, მამაკაცი აგრესიული იყო მაღაზიაში მყოფი სხვა პირების მიმართაც. მათივე ინფორმაციით, კაცი ცდილობდა, გოგონაზე ფიზიკურად ეძალადა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს.

ინცინდენტის შემდეგ გოგონა შეუძლოდ გახდა. მას დახმარება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ადგილზე აღმოუჩინა.

როგორც მამაკაცის მეუღლემ, ხათუნა წიქარიშვილმა “ინფო რუსთავს” განუცხადა, კაცის მხრიდან ოჯახის სხვადასხვა წევრი ძალადობის მსხვერპლი არერთხელ ყოფილა.

ხათუნა წიქარიშვილის თქმით, მამაკაცს გოგონასთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა, თუმცა შემაკავებელ ორდერს ვადა 2 დღის წინ გაუვიდა.

“გუშინ საღამოს ჩემი მეუღლე დამიკავშირდა და მოკვლით დამემუქრა, მოგკლავთ და გადაგწვავთო, ვითხოვ, რომ ის დააკავონ სასამართლომდე:, – განაცხადა ხათუნა წიქარიშვილმა.

ხათუნა წიქარიშვილის თქმითვე, კაცი სამართალდამცავებმა დააკავეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ინფორუსთავი