ჩუმლაყში 40 წლის მამაკაცი მოკლეს, დაჭრილი არიან მალხაზ ბადუაშვილი და 2 ადამიანი

ჩუმლაყში 40 წლის მამაკაცი მოკლეს, დაჭრილი არიან მალხაზ ბადუაშვილი და 2 ადამიანიდღეს დილით გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. დაჭრილია კიდევ 3 ადამიანი, რომლებიც გურჯაანის კლინიკაში არიან გადაყვანილი. დაჭრილების მდგომარეობა რთულია, ისინი ოპერაციას საჭიროებენ.

დაჭრილებს შორის, გურჯაანში კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილი, მალხაზ ბადუაშვილიც არის. ბადუაშვილს გულმკერდის არეში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს.

საავადმყოფოს დირექტორის, გელა ორველაშვილის ინფორმაციით, დაჭრილებს საოპერაციოდ ამზადებენ.

„სამი მამაკაცია შემოყვანილი, რომლებიც სხეულის სხვადასხვა არეში, ცეცხლსასროლი იარაღით არიან დაჭრილები. მდგომარეობა ითხოვს ქირურგიულ ჩარევას და ამ წუთებში ვამზადებთ საოპერაციოდ“. – განაცხადა ორველაშვილმა.

მალხაზ ბადუაშვილის სახელს უკავშირდება, 2020 წლის თებერვალში, გურჯაანის საავადმყოფოში მომხდარი სროლის ფაქტიც. მაშინ დაუდგენელმა პირმა, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის იმ პალატისკენ ისროლა, სადაც ბადუაშვილი მკურნალობდა.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი, ურთიერთშელაპარაკება გახდა, როცა სამეგრელოს რეგიონიდან ატმის ბაღებში სამუშაოდ ჩასულ ახალგაზრდა მამაკაცს, ერთ-ერთ ადგილობრივთან კამათი მოუხდა, კამათს მისი მკვლელობა მოჰყვა.