„ჩვენ გველოდება ინფლაცია“ – ირაკლი კოვზანაძე

„ჩვენ გველოდება ინფლაცია“ - ირაკლი კოვზანაძე„ჩვენ წინ გვაქვს ინფლაცია, ამის საშიშროება განსაკუთრებით წლის ბოლოს იქნება,“- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ რადიო „პალიტრისა და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ინფლაციისა და ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.

“ცენტრალურმა ბანკმა განახორციელა ერთი ინტერვენცია 40 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში, მაგრამ თუ თქვენ ნახავთ, შარშან მან 900 მლნ-ზე მეტი გაყიდა, რომ გარკვეული გავლენა კურსზე მოეხდინა. მე მოვისმინე, რომ გაყიდა, მაგრამ, პრაქტიკულად, არანაირი გავლენა არ მოახდინაო და სხვა მსგავსი მოსაზრებები. მე მინდა გითხრათ, რომ ეროვნულ ბანკს გარდა ამისა, სხვა ინსტრუმენტებიც გააჩნია იმისთვის, რომ ბაზარზე გავლენა მოახდინოს. ეს არის იგივე, რეფინანსირების განაკვეთი, მინიმალური რეზერვები, ინტერვენციები და ა.შ. ის იყენებს იმას, რაც მიაჩნია საჭიროდ.
ცენტრალური ბანკი უფრო მეტად თამამი და აქტიური უნდა იყოს ბაზარზე მოქმედებისთვის. ეს ჩემი პოზიციაა და ყოველთვის ამას ვამბობ, დღეს განსაკუთრებით. მე ყოველთვის მოვუწოდებ მას, რომ ზოგჯერ წინმსწრებად უნდა იმოქმედოს, მოვლენების პროგნოზირება აკეთოს იმისთვის, რომ რყევები აიცილოს სავალუტო ბაზართან დაკავშირებით. ცენტრალური ბანკის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ლართან მიმართებაში.

ჩვენ გვაქვს მაღალი დოლარიზაცია და ამ პირობებში საქართველოს მოსახლეობისთვის მთავარი გამოწვევა არის ინფლაცია. ჩვენ წინ გვაქვს ინფლაცია, მითუმეტეს კომუნალური გადასახადების სუბსიდირება დასრულდა, ამიტომ ინფლაციის საშიშროება განსაკუთრებით წლის ბოლოს გვაქვს. შესაბამისად, მაღალი დოლარიზაციის პირობებში მოსახლეობისთვის მთავარი გამოწვევა არის ინფლაცია და ლარის კურსი. ეს განსაკუთრებით მძიმე წნეხია ეკონომიკური რეცესიის პირობებში და თავისი შინარსიით ეს არის დამატებითი გადასახადი ხალხისათვის,“-განაცხადა კოვზანაძემ.