“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე თავდასხმის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებული გიორგი კალატოზიშვილი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გორის წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ თქვა.
ზაურ მინდიაშვილი ამბობს, რომ დაკავებული ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ გუშინ საღამოს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ ნამდვილად იყო, იყო ნასვამი და დეტალების აღდგენა უჭირს.
გიორგი კალატოზიშვილი მეგობრებთან ერთად ქეიფობდა რესტორან ბერიკონში, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. მას შემდეგ, რაც საკმარისზე მეტი დალია, არ ახსოვს, როგორ აღმოჩნდა ნაცმორაობის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე.
“ერთადერთი, რასაც მეუბნება, რომ არანაირი ინტერესი და.. დღესაც მისთვის დაუჯერებელია, რომ პარტიული ოფისის ფანჯრები დაამტვრია. არც კი იცის, თუ იქ არსებობს “ნაციონალური პარტიის” ოფისი, – ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ 2 მარტს, კომენდანტის საათის დაწყებამდე, “ნაციონალური მოძრაობის” გორის ოფისი რამდენიმე ადამიანმა დაარბია. შენობაში დამტვრეულია შუშები, დაზიანებულია ინვენტარი და ტექნიკა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მთავარი

