გორში პოლიციელ დავით სვიანაძის მკვლელობისთვის თურქ ჰასან დოგანს უვადო პატიმრობა მიესაჯა

გენერალური პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქე ჰასან დოგანს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

ჰასან დოგანმა 2020 წლის 1 ივლისს გორში უმწეო მდგომარეობაში, მძინარე დავით სვიანაძე შვილების თვალწინ მოკლა.

პოლიციელი დავით სვიანაძე გორში, ბერუაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. თურქეთის მოქალაქე მისი მდგმური იყო.

“2020 წლის 1 ივლისს, ქ.გორში, ჰ.დ.-მ დ.ს.-ს, რომელსაც ეძინა და უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა, განსაკუთრებული სისასტიკით, შვილების – ა.ს.-ს და ა.ს.-ს თვალწინ, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დ.ს. ადგილზე გარდაიცვალა”, – წერია უწყების განცხადებაში.
პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით  (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ფოტოზე: დავით სვიანაძე