“მაია რჩეულიშვილის ციხიდან გამოშვებას წინ არაფერი უდგას” – ადვოკატი ბასილაია

"მაია რჩეულიშვილის ციხიდან გამოშვებას წინ არაფერი უდგას" - ადვოკატი ბასილაია„ცენტრ პოინტის“ საქმეზე მსჯავრდებულის, რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების ინტერესთა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო სახსრებიდან არაფერი იხარჯება და ყველა ხარჯს „ცენტრ პოინტი“ საკუთარი ქონებიდან ანაზღაურებს.

„სამმხრივი მოლაპარაკება, რომელიც მიმდინარეობს ინვესტორებს, მერიასა და „ცენტრ პოინტს“ შორის, ბოლოშია გასული – მემორანდუმი, კონტრაქტები გაფორმებულია. ეს ყველაფერი ემსახურება რამდენიმე ათასი დაზარალებულის ინტერესების დაკმაყოფილებას.

ყველა პროცედურა ლეგალურია და სახელმწიფო არცერთ თეთრს არ ხარჯავს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მობილიზებულია ის ქონება, რომელიც „ცენტრ პოინტს“ აქვს და ამ ქონებას აქვს რესურსი, რომ დააკმაყოფილოს როგორც დაზარალებულები, ასევე, ინვესტორებისთვის საინტერესო იყოს მშენებლობების დასრულება“, – განაცხადა ბასილაიამ.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მაია რჩეულიშვილთან, ადვოკატის განმარტებით, ამ მხრივ დაცვის მხარის სრული მზაობაა და დაზარალებულების ინტერესების დასაკმაყოფილებლად „ცენტრ პოინტმა“ ყველა ნაბიჯი გადადგა.

„დღეის მდგომარეობით, წინ არაფერი უდგას მაია რჩეულიშვილთან შეთანხმებასაც საიმისოდ, რომ დაზარალებულთა ინტერესები იქნას მაქსიმალურად დაკმაყოფილებული, მაქსიმალურად მოკლე დროში.

მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები. საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს პროკურატურასთან. ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა და ეს არ არის მხოლოდ სიტყვიერი, ეს არის ხელმოწერილი დოკუმენტების სახით, რომელიც ადასტურებს, რომ დაზარალებულების ინტერესების დასაკმაყოფილებლად „ცენტრ პოინტმა“ გადადგა ყველა ნაბიჯი, რისი გადადგმაც შეეძლო“,- განაცხადა ბასილაიამ.

იპნ