მაშველებმა გომის მთიდან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

მაშველებმა გომის მთიდან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ამოიყვანესმაშველებმა გომის მთაზე თოვლიდან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი:

“ამოყვანის ოპერაცია გათენებისთანავე განახლდა. გურიაში ჩავიდნენ განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების ბაზის მეხანძრე-მაშველები და კინოლოგი. ქუთაისიდან გომის მთის მიმართულებით გაფრინდა ვერტმფრენი, რომლის დახმარებითაც მოხდა მიცვალებულის გადმოსვენება. თოვლიდან ცხედრის ამოყვანის ოპერაციაში ჩართული იყო 45 მეხანძრე-მაშველი, როგორც გურიიდან, ასევე, თბილისიდან და ქუთაისიდან.
“112”–ში გომის მთიდან გუშინ შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, მეტეოროლოგიური პირობების გამო, ერთი მოქალაქე გაყინული იყო, ხოლო მის თანმხლებ სამ პირს გადაადგილება აღარ შეეძლო. მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ.

სამაშველო-საძიებო ოპერაცია 10 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. სიტუაციას რთული რელიეფი, ქარბუქი და 3 მეტრის სიმაღლის თოვლი ართულებდა.

მიუხედავად მძიმე მეტეოროლოგიური პირობებისა, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფმა სამი მოქალაქის გადარჩენა შეძლო. ისინი უვნებლად, თუმცა ჰიპოთერმიის ნიშნებით იპოვეს და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.”