თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ორი მოწმე: სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრი და საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაიკითხა, რომლებიც შემთხვევის დღეს, 2020 წლის 21 მაისს ადგილზე გამოიძახეს.
“სასწრაფო დახმარების ექიმმა ცალსახად განმარტა, რომ ნელი დოროყაშვილის სხეულზე აღინიშნებოდა მხოლოდ მცირედი ესკორაცია კანის აქერცვლის სახით, ის არ განიცდიდა ტკივილს და კითხვაზე, საიდან ჰქონდა აღნიშნული დაზიანება, ნელი დოროყაშვილმა მისი წარმომავლობა ვერ მიუთითა.”
ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ექიმის ჩვენებიდან დგინდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან 2020 წლის 21 მაისს ძალადობრივი ქმედება არ განხორციელებულა.
“ბრალდების მხარეს ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია მოწმის სახით გამოიძახოს ნიკოლოზ ბასილაშვილი, როგორც კი ექნება შესაძლებლობა, ჩამოვა და დარბაზში დაესწრება საქმის არსებით განხილვას. სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ცალსახად ადასტურებს, რომ მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, დადასტურდება მისი უდანაშაულობა”, – აღნიშნა თეონა გვაზავამ.
შემდეგი სხდომა 19 აპრილს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

