ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე მათი შესაძლო ლიკვიდაციის საქმის ფარგლებში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვას ითხოვენ. ჟურნალისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს, სადაც გამოკითხვაზე იყვნენ დაბარებული.
ისინი ამბობენ, რომ მათი შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე დაწყებული გამოძიება ფორმალური ხასიათისაა.
ნოდარ მელაძის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით, უწყებას ერთადერთი მტკიცებულება, ლევან მამალაძის განცხადება, აქვს.
“ჩემი პოზიციაა, რომ ასეთ საქმეებზე მოხდეს გამოკითხვა მაგისტრ მოსამართლესთან… მამალაძის ინტერვიუდან გამომდინარე, შემოგვთავაზეს სახელმწიფო დაცვის სამსახური, რაზეც უარი ვთქვით. ამის მიზანია ჩვენი, გამომძიებელი ჟურნალისტების კონტროლი,” – ამბობს ნოდარ მელაძე.
ნოდარ მელაძე მისი და მისი ოჯახის წევრების მისამართით ახალ მუქარებზეც საუბრობს და ამბობს, რომ საჯარო სივრცეში ბერა ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მუქარის შემცველი შეტყობინებები ვრცელდება, რაც ასევე გამოძიების დაწყების საფუძველია, თუმცა ის ამ დრომდე არ დაწყებულა.
“გამოძიება არ დაწყებულა, გამომძიებელმა მკითხა, ეს იყო ჩემთვის მუქარა თუ შეურაცხყოფა, როდესაც აქ იყო კონკრეტულად მუქარა და ჩემს განწყობას ელოდებოდნენ.. ბატონი წიკლაურის საჯარო განცხადება მყისიერი საფრთხეა ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის და გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის.
ჩვენ გარეშეც შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ, მაგრამ გომელაური ივანიშვილის პირადი დაცვაა და მას გააჩნია პირადი კონტაქტი ბატონ წიკლაურთან, რადგან ის ბერას პირადი მცველია, ყველაფერს თავისი სახელი მარტივად ერქმევა, – ამბობს მელაძე.
ნოდარ მელაძე საგამოძიებო უწყებაში ხვალაცაა დაბარებული. 16 მარტს ის აუდიოჩანაწერების საქმეზე უნდა გამოკითხონ.
მთავარი

