პაატა სალია – “მაია ასათიანმა შეურაცხყოფა მოგვაყენა, პროფილი მან თვითონ დახურა”

პაატა სალია - "მაია ასათიანმა შეურაცხყოფა მოგვაყენა, პროფილი მან თვითონ დახურა"მაია ასათიანის განცხადებას პროფილის დახურვის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია გამოეხმაურა:

“თავს ვალდებულად მივიჩნევ და მსურს გამოვეხმაურო გადაცემა – “პროფილის” ავტორის ემოციურ მონოლოგს, სადაც ის ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების მიმართ დაუმსახურებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს.

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ახალი მფლობელის პირობებში არცერთი გადაცემის და მათ შორის “პროფილის” შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში, არცერთ ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია.

“პროფილის” დახურვა არ მომხდარა არხის მენეჯმენტის ინიციატივით, ეს გადაწყვეტილება გადაცემის ავტორმა, მაია ასათიანმა, გუნდთან ერთად, თავად მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალ საეთერო ბადეში შეჩერდა, ამავე გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა – “შორენას ეფექტი”.

მაია ასათიანს ჰქონდა სრული გარანტია, რომ მიუხედავად არხზე მიმდინარე ცვლილებებისა, გადაცემა “პროფილის” შემოქმედებითი ჯგუფი ავტორთან ერთად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას.

“რუსთავი 2” წარმატებას უსურვებს “პროფილის” შემოქმედებით ჯგუფს.

ტელეკომპანია კი მალე არხის მაყურებელს ბევრ ახალ და საინტერესო პროექტს შესთავაზებს და უმოკლეს დროში კვლავ გახდება ნომერ პირველი”.