“პროკურატურა ტვ პირველში შეჭრას და შევარდნას არ აპირებს” – ბაია ცანავა

"პროკურატურა ტვ პირველში შეჭრას და შევარდნას არ აპირებს" - ბაია ცანავამიმდინარე წლის 9 მარტს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც ეფუძნებოდა ,,ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შინაარსს, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული იქნა განჩინება “ტვ  პირველიდან“ იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზე, რომელზეც დატანილი უნდა ყოფილიყო 6 მარტს ,,ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები. აღნიშნული განჩინება ტელეკომპანიას შესასრულებლად გაეგზავნა 10 მარტს, ფოსტის საშუალებით.

გამოძიების მიზანია სწრაფად განხორციელდეს ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება/მიღება, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები მათი ავთენტურობის დადგენის მიზნით და ჩატარდეს სხვა საჭირო საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები.

ტელეკომპანიის დღეს გაჟღერებული პოზიცია, რომ საგამოძიებო ორგანოს ეთერში გასული ჩანაწერები არ მოუთხოვია, წარმოადგენს სასამართლოს განჩინების არასწორ ინტერპრეტაციას, რაც აჭიანურებს გამოძიების მიერ დაგეგმილი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.

ელექტრონული ინფორმაცია, მათ შორის აუდიოფაილები, შეიძლება დატანილი იყოს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობაში, როგორიცაა ტელეფონი, ელ.დისკი, კომპიუტერი, გარე მყარი დისკი და ა.შ. და კომუნიკაციის მხარეს შეიძლება გადაეცეს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობით.

საქართველოს პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ტელეკომპანია ,,ტვ პირველი“ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, რათა ხელი არ შეგვეშალოს სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფაში. იმედი გვაქვს, „ტვ პირველი“ მოგვაწვდის მათთვის წყაროს მიერ გადაცემულ აუდიოფაილებს იმ ელექტრონულ მოწყობილობასთან ერთად, რომლითაც მათ ეს ფარული ჩანაწერები მიეწოდათ.

პროკურატურის პრესცენტრის ხელმძღვანელის, ბაია ცანავას თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ პროკურატურა გეგმავს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე.

“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არავინ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას. ამის დადასტურებას წარმოადგენს ჩვენს მიერ ამოღების განჩინების ტელევიზიისთვის მიწოდებაზე მათთან წინასწარი სატელეფონო კომუნიკაცია და განჩინების მათთვის ფოსტით გაგზავნის ფაქტიც. მსგავსი სახის ინფორმაცია ცალსახად არასწორია და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას“, – აღნიშნა ბაია ცანავამ.

იპნ